თეგებით ძიება

საქართველოში რუსულ ენაზე მოსაუბრე თაღლითური დაჯგუფება გამოჩნდა, რომელიც ხალხს ფულს სძალავს - გიორგი ბურჯანაძე მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოში რუსულ ენაზე მოსაუბრე თაღლითური დაჯგუფება გამოჩნდა, რომელიც ადამიანებს ხელსაყრელი პირობით ფულის დაბანდებას სთავაზობს. ვინ არიან თაღლითები და როგორ დავიცვათ თავი მათგან? TIA.GE-ს „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე ესაუბრა:

- დავიწყებ იმით, რომ ბოლო ოთხი წლის მონაცემებით, საქართველოში გაიზარდა ფულადი სახსრებისა და უძრავი ქონებების თაღლითურად მითვისების შემთხვევები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, სამართალწარმოებაში მყოფი საქმეების 80% რეაგირების გარეშე რჩება, რაც თაღლითებს ხელ-ფეხს უხსნის. თითქოს ადგილობრივი თაღლითები არ გვყოფნიდა, ახლა სხვა ქვეყნებიდან დაგვემატნენ. ბოლო დროს სოციალურ ქსელებში რუსულ ენაზე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია „სოკარი” სხვადასხვა ე.წ. პლატფორმებით საქართველოს მოსახლეობას თანხების მომგებიანი პირობებით დაბანდებას სთავაზობს და სოლიდურ მოგებას პირდება. წარმოიდგინეთ, ადამიანებს პირდებიან, რომ სარეგისტრაციო თანხის, სულ რაღაც 100 დოლარის გადახდის შემდეგ „სოკარის“ ბიზნეს-პარტნიორი გახდებიან და  ყოველთვიურად, 1000-დან 2000 დოლარამადე თანხას პენსიასავით მიიღებენ. ადრე მსგავსი ყალბი ინფორმაციები კომპანია „ბორჯომის“ სახელით ვრცელდებოდა, ახლა საქმეში „სოკარ გაზიც“ ჩართეს. 

- „სოკარმა“ თუ იცის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ფულის ხელსაყრელ პირობებში დაბანდებას „სთავაზობს“?

- ჩვენ მივწერეთ, მივაწოდეთ აღნიშნული ინფორმაცია და მათგან ოფიციალური პასუხიც მივიღეთ, სადაც წერია, რომ კომპანიას ამ თაღლითებთან საერთო არაფერი აქვს და არ უნდა ვენდოთ. 

- შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ მიმართეთ?

- პოლიციას ჩვენც მივმართეთ და „სოკარმაც“ და მოკვლევა მიმდინარეობს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებთან დაკონტაქტების მიზნით, მათ „პლატფორმაზე“ დავრეგისტრირდი. მთავარი ამბები ამის შემდეგ დაიწყო... კვირაში ორ-სამჯერ მირეკავენ და მეუბნებიან: აი, რომ დარეგისტრირდი, ფული რატომ არ შემოგაქვსო. ერთ ნომერს რომ დაბლოკავ, მეორედან რეკავენ, მეორეს რომ დაბლოკავ,  მესამედან და ა.შ. ძალიან რომ მომაბეზრეს თავი, პირდაპირ ვუთხარი, რომ ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი ვარ და მათ საქმიანობას ვაკვირდები, რომელსაც თაღლითობის სუნი ასდის. ამის შემდეგ ის ოპერატორი აღარ დამკავშირებია, მაგრამ იმდენად უვიცები ან თავხედები არიან, რომ ახლა უკვე სხვა ოპერატრები მირეკავენ და მეკითხებიან, რატომ თქვით უარი ჩვენთან თანამშრომლობაზეო. ვეუბნები, რომ 100 დოლარის ნაცვლად, 15 000 დოლარს ჩავრიცხავ, მაგრამ იმ პირობით, თუ ფირმის წარმომადგენელს რეალურად ვნახავ. შევთავაზე, სადმე შევხვდეთ  და ვისაუბროთ-თქო, მაგრამ უარზე არიან. შეხვედრა და ლაპარაკი საჭირო არ არის, ოფიციალურად რაც არის შემოსატანი, ეს თანხა უნდა შემოიტანოთო.

- ამ ადამიანებს ოფისი ან იურიდიული მისამართი მაინც თუ აქვთ?

- ძალიან რომ შევაწუხე, ვინმე კონსტანტინემ თელავის ლოკაცია ჩამიგდო, მაგრამ ჩვენი კავშირის წევრებმა იმ მისამართზე ვერავინ ნახეს. სინამდვილეში არავითარი ფირმა არ არსებობს. საქართველოში მოქმედებენ რაღაც ჰაკერული დაჯგუფებები, რომლებიც ხალხს თაღლითურად ფულს სძალავენ და სანამ გამოძიება იწელება, დაზარალებულთა რიცხვი იზრდება. მაგალითად, ერთი ადამიანი დამიკავშირდა რომელმაც თაღლითების ანგარიშზე 16 000 თუ 18 000 ლარი ჩარიცხა და უკვე ეგუება იმ აზრს, რომ ფულს ვეღარასოდეს დაიბრუნებს. ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ხალხს დიდი კომპანიის სახელით ფულს სძალავს. და საუბრის ბოლოს მინდა მოსახლეობას მივმართო - ფრთხილად იყავით და მაცდურ შეთავაზებებს ნუ ენდობით. უკვე დაზარალებულებს კი ვთავაზობთ, რომ დაგვიკავშირდნენ, რომ მათი უფლებები დავიცვათ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა