თეგებით ძიება

რა უნდა ვიცოდეთ ფსიქიკური დაავადებების შესახებ და როდის უნდა მივართოთ სპეციალისტს? - ინტერვიუ ზაზა ვარდიაშვილთან

ფსიქიკური ჯანმრთელობა ემოციების, აზროვნების, კომუნიკაციის, დასწავლის, გამძლეობისა და ადეკვატური თვითშეფასების საფუძველს წარმოადგენს, ფსიქიკური დაავადება ანუ ფსიქიკის ჯანსაღი მდგომარეობიდან გადახრა კი ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელიც ადამიანის ემოციების, ფიქრებისა თუ ქცევის ცვლილებებით გამოიხატება.

რა ფაქტორები განსაზღვრავს ადამიანში ფსიქიკური დაავადებების რისკს? ვის უნდა მივმართოთ პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში? როგორ განისაზღვრება მკურნალობის გეგმა? ამ და სხვა საინტერესო თემებზე TIA.GE-ს ფსიქოლოგი, კლინიკა „ჯერარსი ნეიროფიდფექი“-ს ხელმძღვანელი, ზაზა ვარდიაშვილი ესაუბრა.

- პირველ რიგში ვიტყვი, რომ ადამიანმა სპეციალისტს მხოლოდ  ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში არ  უნდა მიმართოს. ძალიან დიდი სპექტრია პრობლემებისა, რაზეც ჩვენ ფსიქოთერაპევტები ვმუშაობთ  - გარდა ფსიქოლოგიური მდგომარეობებისა, შესაძლებელია სპეციალისტს ადამიანმა ყოველგვარი პრობლემის გარეშეც კი მიმართოს...  მაგალითად, ჩვენთან მოდის ადამიანი, რომელსაც უნდა თავისი პროდუქტიულობის გაზრდა, ვისაც უნდა მეტი მიღწევები ჰქონდეს სპორტში, კარიერაში, ბავშვები და მოზრდილები, რომლებსაც სჭირდებათ რეჟიმის სწორი დაგეგმვა და ა.შ.

- როგორია ფსიქიკური ჯანმრთელობის  სტატისტიკა საქართველოში? გაიზარდა თუ არა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა რიცხვი? 

- სიმართლე გითხრათ, ზუსტ სტატისტიკას არ ვიცნობ, მაგრამ პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ამ მხრივ მაინცდამაინც დიდი ცვლილებები არ გვაქვს. რაოდენობა თითქმის იგივეა რაც წლების წინ იყო, სპექტრიც დაახლოებით იგივეა. მართალია, არის რაღაც პერიოდები, როდესაც მომართვიანობა შედარებით იზრდება, მაგალითად, 2000-იანი წლების დასაწყიში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, 2008 წლის ომის პერიოდში, კორონავირუსის პანდემიისას და სხვა. ბუნებრივია ასეთ დროს შფოთვითი მდგომარეობების რაოდენობა იმატებს, მაგრამ ეს ზოგად სტატისტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

- პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, როგორ გავიგოთ ნევროლოგს უნდა მივმართოთ, ფსიქიატრს თუ ფსიქოტერაპევტს? 

- ყველაზე ეფექტური და სწორად აწყობილი სისტემის შემთხვევაში საჭიროა კომპლექსური ჩარევა. არის შემთხვევები, როდესაც სუფთა სომატური ფაქტორები იწვევენ გარკვეულ ცვლილებებს და მათი განხილვა-დიაგნოსტირება ნევროლოგის კომპეტენციაა. არის მდგომარეობები, როდესაც პრობლემა ფსიქიატრის კომპეტენციაა, რიგ შემთხვევებში კი ფსიქოთერაპევტია საჭირო. ასე რომ აუცილებელია ჯერ დიაგნოზი დაისვას სამივე სპეციალისტის ერთობლივი შეფასებით და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს მკურნალობა. მაგიტომაც არის რომ ბევრი კლინიკა და მათ შორის ჩვენიც, ამ პრინციპით  მუშაობს.

- წლების წინ ადამიანებს არათუ სპეციალისტთან მისვლის, არამედ ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრისაც კი ეშინოდათ და რცხვენოდათ, დღეს ამ მხრივ რა ვითარებაა?

- ადამიანების ცნობიერება ამ მხრივ ნამდვილად  ამაღლებულია, მაგრამ არის მეორე ფაქტორიც... ზოგჯერ პაციენტი ცდილობს თავად მოიძიოს ინფორმაცია ინტერნეტში, სხვადასხვა საძიებო სისტემის მეშვეობით, რაც დაუშვებელია, რადგან სხვადასხვა საიტებზე ძალიან ხშირად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ასევე არ  შეიძლება მეზობლის ან მეგობრის რჩევით ამ პრობლემასთან ბრძოლა. 

- დაგვისახელეთ მიზეზები და რისკ-ფაქტორები, რომლებიც ადამიანს ფსიქიკური დაავადებების მიმართ  უფრო მოწყვლადს ხდის.

- არსებობს ფსიქიატრთა ასოციაციის სტანდარტები, რომლის მიხედვით პრობლემის მიზეზები შეიძლება იყოს: ბიოლოგიური ფაქტორი, მაგალითად, სხვადასხვა სომატური დაავადებები, თანდაყოლილი გენური ან სხვა პათოლოგიები, გენეტიკა. მეორე, ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეოებები: სტრესები, არასწორი ცხოვრების წესი, ოჯახში, სამსახურში, ქვეყანაში არსებული დაძაბული ფსიქოლოგიური გარემო და ა.შ. და მესამე, ეს არის სოციო-ეკონომიური ფაქტორები: დაბინძურებული გარემო, შეუსაბამო საყოფაცხოვრებო პირობები და ა.შ.

- სოციალურ ქსელებთან და ინტერნეტ სივრცესთან მიჯაჭვულობის შესახებ რას გვეტყვით... შეიძლება თუ არა ის განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი?

- ინტერნეტთან და სოციალურ ქსელებთან ერთიერთობა უნდა ხდებოდეს ზომიერად, გონივრული დროით. მარტივი ფორმულაა, რომ დაახლოებით 6 წლის ასაკიდან, კომპიუტერთან ბავშვმა იმდენი საათი უნდა გაატაროს კვირაში, რამდენი წლისაც არის. სხვა შემთხვევაში, ეს ნეგატიურად მოქმედებს ფიზიკურ განვითარებაზე, ზრდის პროცესზე, მხედველობაზე, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე, კონცენტრაციის უნარზე, მეხსიერებაზე, ათვისების უნარზე და ა.შ.

- ზოგჯერ ფსიქიკური პრობლემა შესაძლოა სხვა სამედიცინო მდგომარეობას უკავშირდებოდეს, მაგალითად,  დ ვიტამინის ნაკლებობას, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს და ა.შ.

-  დიახ, ასეა... ადამიანის ორგანიზმში ყველა სისტემა ერთმანეთზეა გადაბმული, ამიტომ ერთი სისტემის არასაწორი მუშაობა  აუცილებლად აისახება სხვა სფეროებზეც, აი სწორედ ამიტომაა საჭირო მულტიპროფილური მიდგომა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.

-თქვენს კლინიკაში არსებულ მკურნალობის მეთოდზეც გვიამბეთ. რა არის ნეიროფიდბექი და როგორ ეხმარება ეს მეთოდები პაციენტებს გამოჯანმრთელებაში?

- ნეიროფიდბექი არაინვაზიური, თერაპიული მეთოდია, რომელიც შედარებით უცხო და ახალია საქართველოში, თუმცა წამყვანი ამერიკული და ევროპული კლინიკები ამ მეთოდს ათობით წელია იყენებენ. ეს არის უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც  საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ პაციენტის ტვინის ტალღების აქტივობის დონე და ამის შემდეგ დავგეგმოთ თერაპიული ტრენინგი. 

- რა დარღვევების შემთხვევაში გამოიყენება ეს მეთოდი და რამდენად პოპულარულია საქართველოში?

- აღნიშნული მეთოდით ხდება მეხსიერების პრობლემების, ყურადღების კონცენტრაციის სირთულეების დაძლევა, შფოთვითი აშლილობების, დეპრესიის, სენსომოტორული კოორდინაციის პრობლემების მკურნალობა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, დაღლილობის მოხსნა, დემენციების პროფილაქტიკა, პოსტ ინსულტების მკურნალობა და ა. შ. 

როგორც მოგახსენეთ, აღნიშნული მეთოდი ძირითადად ამერიკასა და ევროპის ქვეყნებშია პოპულარული, ჩვენს კლინიკაში რამდენიმე წელია ვიყენებთ და  მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ და შთამბეჭდავი შედეგებიც გვაქვს. გვყავს კვალიფიციური  სპეციალისტები, რომლებმაც გადამზადება მიუნხენის ნეიროქირურგიის  ინსტიტუტში გაიარეს და მე-4 დონის სერთიფიკატები მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ სხვა სპეიციალისტების მომზადება და შესაბამისი სერთიფიკატების გაცემა შეუძლიათ. ასე რომ, დიდი სიამოვნებით დავეხმარებით კლინიკებს, რომლებსაც ამ მეთოდების დანერგვის სურვილი ექნებათ. მათ სპეციალისტებს ვასწავლით, მოვამზადებთ და იგივე დონის სერთიფიკატებს გადავცემთ, რასაც ამერიკისა და გერმანიის კლინიკები გასცემენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა