სახალხო დამცველის რწმუნებული გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძესა და ზვიად კუპრავას შეხვდა
სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის რწმუნებული გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას შეხვდა.
როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას გააგრძელებს.
„22 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებული გლდანში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკავებულ სამივე მოქალაქეს შეხვდა. ერთ-ერთმა დაკავებულმა, ნიკანორ მელიამ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.
საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.