თეგებით ძიება

„ამ ფილმით უნდა გაიგოს მსოფლიომ, რაც ვერ გაიგო საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლებისგან“ - „იარე ლიზას“ სცენარის ავტორი

რე­ჟი­სორ ნანა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მის - "იარე, ლი­ზას" ჩვენებას, რომელიც გუშინ კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ დარბაზს და აკრიტიკებენ ფილმის შინაარსსა თუ რეჟისორს მაყურებლები. 

„კვირის პალიტრა შეეცადა გაერკვია, რეალურად, რა ხდება ფილმში, რომელსაც ასეთი აურზაური მოჰყვა და ფილმ "იარე ლიზას“ სცენარის ავტორს, ლია ტოკლიკიშვილს ესაუბრა.

„პირველი ტიტრიდან ბოლო ტიტრამდე, მთელი სიუჟეტით, ეს არის ანტირუსული, ანტიოკუპაციური ფილმი! ეს არის ფილმი იმაზე, რომ აფხაზეთი, რომელიც რუსეთს მიბმული აქვს 30 წლის განმავლობაში, შენკენ შემოატრიალო, დაანახვო შენი ნამდვილი სახე და სული. აჩვენო, როგორ ახოცვინა რუსეთმა ერთმანეთი ორ ხალხს, რომ ლიხნის კრებიდან მოყოლებული, რუსეთი უდებდა ტვინში აფხაზებსაც და ოსებსაც ანტიქართულ განწყობას, რაც მაშინდელი პოლიტიკური ჯგუფების დახმარებით ომით დააგვირგვინა. ეს ფილმი იმაზეა, რომ რუსების ტექნიკით შემოდიოდა აფხაზი ჩვენი სახლების ასაოხრებლად, მერე კი, ჩვენ რომ აგვაოხრეს, აფხაზები აქციეს მოერეხარისხოვან მოქალაქეებად აფხაზეთში. ეს არის ანიმაციაში: როცა ლენინის ძეგლი დაძრწის და იყურება ომით დაბნელებულ ფანჯრებში; ეს არის გმირების სიტყვებში, როცა ამბობენ, რომ რუსეთმა დაიწყო ყველაფერი, რომ რუსი შეესია ახალდაბას აფხაზების სახელით და გაჟლიტა იქაურები, რუსულმა ტექნიკამ ჩამარხა გაგრის მიწაში ასობით ქართველი. ეს არის ფილმი ქართველებისა და აფხაზების ტრაგედიაზე, ჩვენს ერთად დაკარგულ სამშობლოზე, რუსეთის გამარჯვებაზე და ორივე ხალხის დამარცხებაზე აფხაზეთში.

ამ ფილმით უნდა გაიგოს მსოფლიომ, რაც ვერ გაიგო საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლებისგან: რომ ბუჩამდე იყო გაგრა, სადაც რუსული იარაღით გაგვჟლიტეს და დაგვაკარგვინეს ქვეყანა.

კინო არის კულტურის სფერო. კინოს თავისი ენა აქვს იმის სათქმელად, რასაც პოლიტიკოსები ტრიბუნებიდან ამბობენ. ჩვენ ასე ვთქვით - ფილმით: ანიმაციით, ტექსტით, სიუჟეტით... ტექსტი დღიურებია, რომლებიც ომის მონაწილეების მონათხრობისგან შედგება. ომის მონაწილეები არიან ჯარისკაცები, დევნილები, როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხრიდან. ქართულ დღიურებთან ერთად, აფხაზური დღიურებიც არის გამოყენებული. ფილმში გაშლილია, ქართველი რას გრძნობს და აფხაზი რას გრძნობს ამ ომის წინააღმდეგ“, - განაცხადა სცენარისტმა „კვირის პალიტრასთან“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა