„ჯორჯიან ეარვეისმა“ და სხვა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით რეისები შეაჩერეს
მას შემდეგ, რაც დღეს დილით ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, ავიაკომპანიების ნაწილმა, მათ შორის „ჯორჯიან ეარვეისმა“, ისრაელის მიმართულებით რეისები შეაჩერა.
რეისები დროებით შეაჩერა - Lufthansa ჯგუფმა, LOT-მა, Wizz Air-მა, Swiss-მა, Ryanair-მა, Turkish Airlines-მა, Easy Jet-მა Iberia-მ და სხვებმა.
თელ-ავივის მიმართულებით დღეს თბილისიდან რეისი გააუქმა „ჯორჯიან ეარვეისმაც“.
სოციალური ქსელებით გავრცელდა თელ-ავივის აეროპორტში გადაღებული ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია მიწაზე დაწოლილი ახლადჩაფრენილი მგზავრები, ისმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა. აღნიშნული სირენები ისრაელში მაშინ ირთვება, როცა სარაკეტო შეტევა იწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების ნაწილმა რეისები გააუქმა, 7 ოქტომბერს, დღის განმავლობაში და საღამოს საათებშიც, რამდენიმე რეისი მაინც შესრულდა. მგზავრებს მოუწოდებენ, ნებისმიერი საკითხის გასარკვევად დაუკავშირდნენ ავიაკომპანიებს, აეროპორტს და მიყვნენ ოფიციალურ მითითებებს.