თეგებით ძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი დააკავეს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული გ.ა., 1974 წელს დაბადებული მ.ა., 1988 წელს დაბადებული ნ.ა., 1976 წელს დაბადებული ჯ.ჯ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული რ.ჰ.

 

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ფინანსური დავა წარმოიშვა, რის შემდეგაც კომპანიაში მომუშავე, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით, კრიმინალურ ავტორიტეტს, 1985 წელს დაბადებულ გ.ა.-ს მიმართა.

 

აღნიშნული დავის გადასაწყვეტად, ქალაქ ბათუმში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს, სადაც კრიმინალურმა ავტორიტეტმა კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს განუცხადა, რომ დავაში ჩართული იყო „კანონიერი ქურდი“ და საკითხი „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო. კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 75 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს. „ქურდული სამყაროს“ წევრი და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი პირები დაზარალებულს სისტემატურად უკავშირდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისთვის დაკისრებული თანხის გადახდას მოითხოვდნენ.

 

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

 

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა