„გამართლება არ აქვს იმ ყველაფერს, რასთან დაკავშირებითაც თავად გამცხადებელმა ისაუბრა და ბოდიში მოიხადა“ - ნინო წილოსანი ირაკლი ბერაიაზე
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ, ოპოზიციონერი კოლეგის, თეონა აქუბარდიას მისამართით სხდომათა დარბაზში გაკეთებული შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება უმრავლესობაში. მათ განცხადებით, ირაკლი ბერაიას საქციელი გაუმართლებელია.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ამბობს, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ უნდა განმეორდეს.
"მიუღებელია და გამართლება არ აქვს იმ ყველაფერს, რასთან დაკავშირებითაც თავად გამცხადებელმაც ისაუბრა და ბოდიში მოიხადა. არა მხოლოდ მან, ფრაქციის თავმჯდომარის მხრიდანაც იყო განცხადება გაკეთებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, დღევანდელი გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც, ტრადიციულად, არ დაესწრო ოპოზიცია, თუმცა გუშინ ძალიან ბევრს აპელირებდნენ ამ თემაზე, საკითხის უფრო დეტალურად განხილვის საჭიროება არ ყოფილა, რადგან, ამ საკითხთან დაკავშირებით, შეფასებები ერთმნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ყველა ვისურვებდით, რომ მომავალში არ განმეორებულიყოს მსგავსი, ქალ დეპუტატებთან დაკავშირებით," - აცხადებს ნინო წილოსანი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე ამბობს, რომ ოპოზიციაც და უმრავლესობამაც ერთმანეთის მიმართ კოლეგიალური უნდა იყოს.
"რა თქმა უნდა, მოსაწონი არ იყო, არცერთი მხრიდან არ არის ეს მოსაწონი. ბატონი მამუკა მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ ეს ფრაზეოლოგია იყო ჩვენი გუნდისთვის მიუღებელი. შემდეგ გამოვიდა ბატონი ირაკლი და მანაც მოიხადა ბოდიში. მე ვფიქრობ, რომ კოლეგიალურები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მისამართით, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, პატივი უნდა ვცეთ იმ ინსტიტუტს, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ასეთი დამოკიდებულება ზოგადად, მიუღებელია. მე მექნება ერთი თხოვნა, რომ ეს უნდა გაითვალისწინოს პოზიციამ და ოპოზიციამ. ხშირი ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ჩემთვისაც მოუყენებიათ შეურაცხყოფა, მამაკაც დეპუტატებსაც და ქალებსაც, მაგრამ სახელსა და გვარს არ დავასახელებ,“ - აცხადებს რიმა ბერაძე.