თეგებით ძიება

რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური კარდიოგრამა აქვს არეული და გეოგრაფიაში ვერ ერკვევა - არჩილ თალაკვაძე

რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკური კარდიოგრამა აქვს არეული - ბოლო თვეა შეცვალეს რიტორიკა და ამბობენ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს არის შეცვლილი გეოპოლიტიკის გამო; ცუდია, რომ რადიკალური ოპოზიცია გეოგრაფიაში ვერ ერკვევა,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით წინასწარი შეფასება პოზიტიური იქნება და ეს შეფასება გახდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი.

„იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა ევროპული რეფორმები და დააბრუნა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, მოველით, რომ პოზიტიური შეფასება იქნება და ეს შეფასება გახდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი.

საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ინტერესებშია, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადადგას კიდევ ერთი არსებითი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე და მაღალი ალბათობით, გვაქვს მოლოდინი, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას, მათ პოლიტიკური კარდიოგრამა არეული აქვთ. პოლიტიკური არითმიაა, როდესაც წლის დასაწყისში, სამი თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლება ვერ მიიღებს ამ სტატუსს. შემდეგ ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსს არ აძლევენ და ეს იქნება ტრაგედია ქვეყნისთვის. ახლა ბოლო თვეა შეცვალეს საუბარი და ამბობენ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ეს არის შეცვლილი გეოპოლიტიკის გამო. ცუდია, რომ რადიკალური ოპოზიცია გეოგრაფიაში ვერ ერკვევა. საქართველოს დღესაც იგივე გეოპოლიტიკა აქვს, როგორიც სამი და ექვსი თვის წინ ჰქონდა. შესაბამისად გეოპოლიტიკური თვალსაზრისით იქ ვართ, სადაც ვიყავით, თუმცა ბევრად უფრო წინ ვართ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. სწორედ ეს გახდება საფუძველი, როდესაც საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, რომელსაც ერთი-ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიცია, თითქოს დემოკრატიულ ქვეყნებში ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვაა; ან ევროკავშირში შეიძლება ხალხი გაწევრიანდეს და ხელისუფლება ვერა, ან ხელისუფლება გაწევრიანდეს და ხალხი დარჩეს ევროკავშირს მიღმა - ეს არის აბსურდი. ეს რუსული პროპაგანდაა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იმეორებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა