თეგებით ძიება

"პირველ პაემანზე ზემო ვერაზე, გაყინულ წყაროზე წამიყვანა, წელს ზემოთ გაიხადა და..." - რას იხსენებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ცოტნესთან პირველ შეხვედრაზე საუბრობს:

ცოტნეს გაცნობა მეტად ბანალური იყო, რასაც მოვლენების შემდგომ განვითარებაზე ვერ ვიტყვი. პირველად "ფეისბუკში" მნახა და შემდეგ ჩემთან კლინიკაში პაციენტის სტატუსით მოვიდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჰქონდა და პაციენტობა საბაბად გამოიყენა. ამას მიწერ-მოწერა მოჰყვა, მოგვიანებით, პირველი პაემანი, რომლითაც იმდენად არ მოვიხიბლე, რომ მეორეზე დავთანხმებულიყავი.

- რა არ მოგეწონათ?

- მისი გადამეტებული ფამილიარობა, გადაჭარბებული მამაკაცური თავდაჯერებულობა, ცოტა უცერემონიობაც ნაადრევი მომეჩვენა. პაემნის შინაარსიც ზედმეტად ორიგინალური იყო: კოლხურ კოშკში ჩაისა და ნამცხვარზე სანამ მიმიპატიჟებდა, ზემო ვერაზე ნახევრად გაყინულ წყაროზე წამიყვანა, იანვრის თოვლიან და ყინვიან დღეს, წელს ზემოთ გაიხადა და ყინულებიანი წყალი ისხა ზედ. მოკლედ, მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს კაცი საკმარისად გალანტური არ არის ჩემთვის-მეთქი და დავემშვიდობე.

- მერე როგორ მოიგო თქვენი გული?

- მას შემდეგ თითქმის ნახევარი წელი მწერდა. მეუბნებოდა, რომ ვერ წყვეტდა ჩემზე ფიქრს და ჩემთან შეხვედრა უნდოდა. მეც ყოველ ჯერზე თავაზიან უარს ვეუბნებოდი, ის კი ყოველ ჩემს უარს მტკივნეულად განიცდიდა და მეჩხუბებოდა, ნეტავ რას გეხვეწები, აწი აღარ მოგწერო, მაგრამ მაინც მწერდა... ნელ-ნელა უფრო მომთმენიც გახდა. მერე ერთხელ, როცა ოპერის გახსნაზე დამპატიჟა, ვიფიქრე, რადგან ეს თავმოყვარე კაცი ამდენი უარის მერე მაინც ცდილობს ჩემი გულის მოგებას, ერთ შანსს კიდევ მივცემ-მეთქი. ოპერაში სულ სხვაგვარი ცოტნე დამხვდა, კოსტიუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი, გალანტური და სასიამოვნოდ მოზომილი.

- ფამილიარულობის გარდა, მისმა წარმომავლობამ და ოჯახმაც ხომ არ შეგაშინათ?

- თუ მანანა არჩვაძეს გულის­­ხმობთ, ის ცოტნეს ცხოვრებაში აღარ იყო მრავალი წლის განმავლობაში,­ შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობის იმ ოთხ­ლწლიან პერიოდში, ანუ სანამ ცოტნეს ეს ამბავი შეემთხვეოდა, არც ერთხელ არ მქონია მასთან შეხება.

- როგორ ახსნით დედა-შვილის ასეთ ურთიერთობას?

- სიმართლე გითხრათ, არ მინდა ამ ქალბატონის ქმედებებზე რაიმე ახსნა-გა­ნმარტების ან ანალიზის გაკეთება. მხოლოდ ფაქტებს დავაფიქსირებ: სავსეა სახლი ამ ქალბატონის მიერ მრავალი წლის განმავლობაში ცოტნეს წინააღმდეგ სასამართლოში თუ პოლიციაში შეტა­ნილი სარჩელებით და საჩივრებით­. ახლა ამას ჩემსა და გიორგი გამსახუ­რდიას წინააღმდეგ აკეთებს. აღარაფერი რომ არ ვთქვათ მის ქსენოფობიურ განცხადებებზე, რომლითაც პირდაპირ ლაქას­ სცხებს­ ზვიად გამსახურდიას სახელს და რომელსაც ჩემს წინააღმდეგაც სოცქსელებშიც და ქუჩაშიც, მეგაფონებში სკანდირებით ავრცელებენ ის და მისი დაჯგუფების­ წევრები­ - თითქოს გვარგადაკეთებული ოსი ჯაბ­იევა ვიყო. აბა, რა უნდა ვილა­პარაკო ადამიანზე, რომელიც ოსობის შესახებ ტყუილს მხოლოდ იმიტომ მიგონებს,­ რომ ეს სამარცხვინოდ და სალანძღავად მიაჩნია?! არაერთხელ მიჩივლა სასამართლოში, პოლიციაში, სამხედრო პოლიციაში, პროკურატურაში, სოციალურ სააგენტოში, ტრეფიკინგის სააგენტოში, მარეგულირებელ­ სააგენტოში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ევროსაბჭოშიც კი. ტრამპსაც კი მისწერა ჩემ შესახებ. ცხადია, ვერავინ იღებს­ ამ საჩივრებს სერიოზულად. ახლა ერთ-ერთი საჩივარია, თითქოს მე ცოტნეს შვილებს მამის სანახავად არ ვუშვებ. ცოტნეს ორი შვილი ჰყავს, ერთი თბილისში - თამარი 16 წლის, მეორე კი მოსკოვში ყოფილი ოფიციალური ცოლისგან - 16 წლის დანიელი. დანიელი, სამწუხაროდ, არც ერთხელ არ გამოჩენილა, არადა, ძალიან მინდა მამასთან ურთიერთობა ჰქონდეს. თამარი­ ერთხელ მოუყვანიათ სამხედრო-სარეაბილიტაციო ცენტრში "კოვიდის"­ დროს, როცა მკაცრი კარანტინი იყო და სამხედრო ადმინისტრაცია არავის უშვებდა. მას შემდეგ აღარ მოსულა. ჩემთვის არასოდეს არავის­ მოუმართავს, რომ გოგონას მამის ნახვა უნდა, თორემ, რა თქმა უნდა, უარს არც ერთ შემთხვევაში არ ვეტყოდი. პირველივე სხდომაზე ჩემმა ადვოკატმაც გამოაცხადა, რომ გოგონას როცა უნდა, მაშინ შეუძლია მივიდეს მამის სანახავად, მხოლოდ სოციალურ მუშაკთან ერთად, რადგან ის არასრულწლოვანია. რად გინდათ, მაინც აგრძელებენ ტყუილის გავრცელებას. ასე აღმოვჩნდი სრულიად დალაგებული და დალხენილი ცხოვრებიდან ასეთ ბოდვაში.

- ხომ არ ნანობთ, რომ თქვენი ბედი ცოტნეს დაუკავშირეთ?

- ამას ვერ ვფიქრობ და მგონია, ვერც ვერასოდეს ვიფიქრებ, იმდენად მეცოდება ცოტნე. რაც ბრძოლის ძალასა და სიცოცხლის სტიმულს აძლევს, ის ერთადერთი ბედნიერებაა, რაც საყვარელი ქალის ერთგულებისა და გვერდში დგომის სახით შემორჩა. რომ ვინანო, ნიშნავს, რომ მისთვის ამ ერთადერთი ბედნიერების წართმევაზე ვიფიქრო. ამას არასოდეს გავაკეთებ. გარდა ამისა, ეს ის მადლია, რომელიც მარტო ცოტნეს არა, მეც აუცილებლად მეხება, შეძლება, რომ საჭირო მომენტში დახმარება გაუწიო შენთვის ძვირფას ადამიანს, არ არის პატარა საქმე, აღარაფერს ვამბობ ყველაფრის სწორად გადაფასებასა და სიკეთის ძალის ახლიდან აღმოჩენაზე.

- ახლა როგორია მისი მდგომარეობა?

- უკეთაა. თქვენც ხომ ნახეთ, როგორ აქტიურად შემოდის კონტაქტში, გამოხატ­ავს ემოციებს, იცინის, ტირის. ამ ყველაფე­რს ეპილეფსიური გახანგრძლივებული სტატუსის შემდეგ წელიწადზე მეტხანს ვეღარ ახერხებდა. ლაპარაკის დაწყებასაც ცდილობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან მეორეჯერ, ისევ ნულიდან დაწყების მერე, თუნდაც ძალიან ნელა, მაგრამ კვლავ წინ მივდივართ, დიდი იმედი გვაქვს, რომ პროგრესი არ შეჩერდება. ამას ცოტნეს­ თავის საკუთარ, მამაპაპისეულ სახლში დაბრუნებაც შეუწყობს ხელს, როდესაც ამას მოვახერხებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა