თეგებით ძიება

გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება - რესტავრატორი

გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კედლის მხატვრობის რესტავრატორმა, ლელა ნინოშვილმა „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

რესტავრატორის განმარტებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩამოაყალიბეს კრიტერიუმები, თუ რა არეალში აქვთ გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის შესაძლებლობა.

„ვინაიდან გელათში ამჟამად კრიზისული სიტუაცია და საკმაოდ არაორდინალური მდგომარეობაა, როგორც ფიზიკური მდგომარეობის, ისე მისი ფიზიკური ისტორიის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე, ეს არეალები, ჩვენ საკონსერვაციო ჩარევის საშუალებებს არ გვაძლევს, ვინაიდან იქ დაზიანების პროცესი კვლავ მიმდინარე, აქტიურია და დაზიანების წყარო აღმოფხვრილი არ არის, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ კრიტერიუმები იმის მიხედვით, თუ რა არეალებში გვაქვს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა დგას, ასევე [ჩამოვაყალიბეთ]კედლის მხატვრობის რა ნაწილი არის სტაბილურ მდგომარეობაში და ამ ეტაპზე, რა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას და რა ნაწილში ვერ ხდება საკონსერვაციო ჩარევა. ეს ის კრიტერიუმებია, რომლებიც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ დაზიანებების კატეგორიზაცია და სისტემატიზაცია.

ამჟამად მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა, ვინაიდან უმეტესი მათგანი არის გამოსაწერი საზღვარგარეთიდან. ახლა საჭიროა, რომ დამატებითი კვლევები, მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდეს და შემდგომ გადავდგამთ ნაბიჯს, რითაც უშუალოდ განვახორციელებთ ჩარევებს კრიტიკულ არეალებში“, - განაცხადა ლელა ნინოშვილმა.

რაც შეეხება ფრესკების ცვენას, როგორც რესტავრატორმა აღნიშნა, ამ მხრივ, დაზიანების პროცესი არის აქტიური გარკვეულ ნაწილში და ზოგად, დაზიანების პროცესი არ არის აქტიური.

„დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ. ამ ნაწილში, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი არის მიმდინარე, ჯერჯერობით ვიფარგლებით მხოლოდ კვლევით, რომ სრულად შევისწავლოთ მდგომარეობა. ამ ნაწილში ვერ ხორციელდება საკონსერვაციო ჩარევა, მაგრამ დანარჩენ ნაწილებშიც,მოგეხსენებათ, რომ მთლიანი ტაძარია მოხატული, გამოვლინდა არეალები, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, გადაუდებელ სტაბილიზაციას და სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა, რომ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს. ჩვენ მუშაობა 8 თვის წინ დავიწყეთ და ძალიან აქტიურ ფაზაში, მუშაობა თითქმის არ გაგვიწყვეტია, ეს არის კვლევითი ეტაპი, რომელსაც წინ ვერ გავუსწრებთ, ამიტომ, ვიდრე კონკრეტული შედეგები არ გვექნება, მანამდე ასე წინმსწრებად ნაბიჯების გადადგმა იქნება არასწორი და ძეგლისთვის დამაზიანებელი. რაც შეეხება გადახურვამდე განსახორციელებელ სამუშაოებს, სწორედ ამიტომ არსებობს კონსერვაციის დარგში ეს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ვიდრე დასრულდება სრულმასშტაბიანი კვლევა და ვიდრე გადახურვა არ დასრულდება, მოხდეს იმ ადგილების ფიქსაცია, რომელიც კრიტიკულად მძიმეა და რომელიც დაკარგვის რისკის ქვეშ არის,“ - განაცხადა ლელა ნინოშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა