"მთელი ოჯახი დაელოდა მის გამოსვლას - 3 ქალი და 3 კაცი. მანქანას წინ გადაუდგნენ" - რას ჰყვებიან საგარეჯოში მოკლულის 29 წლის კაცის ოჯახის წევრები
"კურიერმა", საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ახალი დეტალები გაარკვია - მოკლულის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ დაპირისპირება ნამდვილად ეხებოდა ფინანსურ დავას, კერძოდ, დაახლოებით, 150 000 ლარს. მათი თქმით, ერთი წლის წინ, ჯავიდ მამედოვმა ბრალდებული პირისგან აღნიშნული თანხის რაოდენობის ცხვარი იყიდა, შეთანხმება კი თანხის ერთი წლის განმავლობაში დაფარვას გულისხმობდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამედოვს თანხის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი ჰქონდა, ასევე, ვალის სანაცვლოდ, ბრალდებულ პირს თავის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართიც გადაუფორმა, შესაბამისად, მოკლულის ოჯახისთვის გაურკვეველია, რა მიზეზით მოხდა მკვლელობა. მათივე ინფორმაციით, ქორწილიდან სახლში მიმავალ ჯავიდ მამედოვს თავს 6-მდე პირი დაესხა.
"ქორწილში იყო წასული. [როგორც ჩანს] დაელოდნენ მის გამოსვლას მთელი ოჯახი - 3 ქალი, 3 კაცი. მანქანას წინ გადაუდგნენ, გააჩერეს. [ამ ოჯახის ვალი ჰქონდა] 150 000 ლარი, თან ცოტა ჰქონდა დარჩენილი, იმასაც იხდიდა," - ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი "კურიერთან" საუბრისას.
"კურიერს" მკვლელობაში ბრალდებულის სახლში არავინ დახვდა.
ცნობისთვის, თანასოფლელებს შორის, ფინანსურ ნიადაგზე დაწყებული დავა 29 წლის კაცის მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ჯავიდ მამედოვი. შემთხვევა სოფელ ქეშალოში, გვიან ღამით, ქორწილში მოხდა. საქმეში ფიგურირებს ცივი იარაღი, დანა, რომლითაც, 33 წლის კაცმა, მამედოვს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.