მიწის რეგისტრაციის უფასო პროგრამა უქმდება?! - მოქალაქეები ქონების დასაკუთრებას მხოლოდ სპორადული წესით შეძლებენ
მიწის რეგისტრაციის უფასო პროგრამა უქმდება?! - მომავალი წლიდან მოქალაქეები ქონების დასაკუთრებას მხოლოდ სპორადული წესით შეძლებენ, - აღნიშნულს გულისხმობს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.
კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. იმ მოქალაქეებს კი, რომლებმაც ნაკვეთების საკუთრებაში გაფორმება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს (ვერ მოასწრეს), მიწების დარეგისტრირების ვადა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე მიენიჭება უფლებამოსილება, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
დოკუმენტში დაზუსტებული არ არის, რა თანხის გადახდა მოუწევთ მოქალაქეებს მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისთვის, თუმცა როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ღირებულება საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2026 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა განისაზღვროს. ამასთანავე, კანონპროექტში წერია, რომ საფასური არ უნდა აღემატებოდეს მოქმედ, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთის ორმაგ ოდენობას. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის უმაღლესი განაკვეთი კი ამ დროისთვის 600 ლარს შეადგენს.
ამავე თარიღამდე საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეჩერდება აღმასრულებელი ორგანოების პრეროგატივა, კანონით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული უფლებამოსილება აღიარების კომისიებს შეჩერებული აქვთ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან.
დოკუმენტის მიხედვით, კანონის პროექტის ერთ-ერთი მიზანია, რომ იმ პირებს, რომლებიც სისტემური რეგისტრაციის პერიოდში არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში ან მათ სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახდინეს უფლების რეალიზება, შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოითხოვონ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მიწის სისტემური რეგისტრაცია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2022 წლიდან დაწყებული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მიწის ნაკვეთების სისტემურად აზომვას, საკადასტრო სამუშაოების ჩატარებას და საკუთრების უფლების რეგისტრაციას. რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის ბოლო იყო დასახელებული.
რაც შეეხება სტატისტიკას, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მიწის სისტემური რეგისტრაციის განმავლობაში – 2022-2025 წლების მონაცემებით, აიზომა 2 094 707 მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობი 1 101 570 ჰა-ს შეადგენს. 2025 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია. ამასთან, 2022-2025 წლებში მიწის მესაკუთრე გახდა 1 469 581 მოქალაქე.