მომავალი წლიდან დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს
მაღალი ტევადობის ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შევარჩიეთ, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მერის თქმით, 18-მეტრიანი ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება 12-მეტრიანი ავტობუსები მარშრუტებზე - N301, N302, N308, N314 .
„ამ მარშრუტებზე დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება. აღნიშნული ცვლილებით, ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50 პროცენტით გაიზრდება. გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტებს, რითაც შემცირდება ამ ხაზებზე მოლოდინის დრო, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 40 პროცენტით.
ესენია N304, 305, 307, 309, 310, 311, 313, 315, 319, 320, 321, 323, 326, 336, 339, 351, 370, 372, 381, 385, 388 და 393 მარშრუტები.
ამ მარშრუტებზე დღიურად ჯამში 212 167 მგზავრობა ფიქსირდება, რაც ქალაქში ავტობუსით მგზავრობის საერთო რაოდენობის თითქმის 50%-ს შეადგენს.
ამასთან, N387 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 12-მეტრიანებით, რის შედეგადაც გამტარუნარიანობა გაიზრდება 70%-ით, ხოლო N293 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსების ჩანაცვლდებით შემცირდება მოლოდინის დრო და გამტარუნარიანობა გაიზრდება 155%-ით.
160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა და სატრანსპორტო სქემით დადგენილ 10 ძირითადი დერეფნის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება", -აღნიშნა მერმა.