თეგებით ძიება

პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირების მიერ ვეღარ დაფინანსდებიან - ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს

პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირების მიერ ვეღარ დაფინანსდებიან, - შესაბამისი ცვლილება შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.

კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და მისი განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას და შესაბამისად, ქმნის სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას.

რა იცვლება?

1. დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად შემოწირულებად ითვლება, პარტიის ანგარიშზე იმ იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. რამდენადაც, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების გაცემის აკრძალვას, აღნიშნული ქვეპუნქტი ამოღებული იქნება.

2. ცვლილება შედის პუნქტში, რომლითაც განისაზღვრება, რომ პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს, ნაცვლად 0.05%-ისა.

3. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემომწირველი ფიზიკური პირის ფინანსების ასევე, აკრძალული შემოწირულების განმახორციელებელი იურიდიული პირის ფინანსების შესახებ.

4. კანონის დარღვევა გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, ხარჯის განმახორციელებელი პირის და აკრძალული შემოწირულების, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, ხარჯის ორმაგი ოდენობით. (ჯარიმის თანხა მიემართება ბიუჯეტში)

კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, ცვლილება არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

კანონპროექტის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი, ხოლო ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.

წყარო - bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა