გოზინაყი - როგორ მოვამზადოთ საახალწლო სუფრის მთავარი ნუგბარი
საქართველოში, თაფლი და ნიგოზი ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან ითვლებოდა წმინდა საკვებად. ქართულ კულტურაში ნიგოზი არა მხოლოდ კულინარიული ინგრედიენტია, არამედ სიმბოლური დატვირთვაც აქვს და ბუნების მფარველ ძალას, ძლიერებას განასახიერებს. შემთხვევითი არ იყო ის, რომ ბრძოლაში წასულ ქართველ მეომრებს ხშირად სწორედ ნიგვზისგან დამზადებულ ნუგბარს -ჩურჩხელას ატანდნენ, ხოლო უკან დაბრუნებულებს გოზინაყით უმასპინძლდებოდნენ. აღნიშნულ პროდუქტებს წარმართულ ღვთაებებს, „ბატონებსაც“ სწირავდნენ. ამიტომ იქცა საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტად სწორედ თაფლისა და ნიგვზისგან დამზადებული ნუგბარი - ყველასთვის საყვარელი გოზინაყი. მისი მომზადება, ერთი შეხედვით ძალიან მარტივია - კარამელიზებულ თაფლში არეული ნიგოზი. მაგრამ კარგი გოზინაყი ძალიან ცოტას თუ გამოსდის. როგორც წესი, გოზინაყი ყველა დიასახლისს თავისებური გამოსდის, მაგრამ იდეალურად ითვლება ღია ფერის, მსხვრევადი (და არა წელვადი) და თანაბრად დაჭრილი ნიგოზისგან მომზადებული ნუგბარი. ამ ყველაფრის მიღწევა საკმაოდ რთულია. არის რამდენიმე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც გამოუცდელი დიასახლისები გოზინაყის მომზადებისას უშვებენ და რის გამოც ნუგბარი სასურველი კონსისტენციის, შეფერილობისა თუ გემოსი არ გამოდის.GMnews-ი, ამჯერად, გთავაზობთ გოზინაყის რეცეპტს, რომლითაც სტუმრებისა თუ ოჯახისწევრებისთვის თავის მოწონებას შეძლებთ.
ინგრედიენტები:
ნიგოზი(თეთრი, მოხალული, კანგაცლილი და დაჭრილი, შეიძლება ასევე თხილი) – 3 ჩ.ჭ.
თაფლი – 1 ჩ.ჭ.
შაქარი – 2 ს.კ.
მომზადება:
სქელძირიან ღრმა ტაფაში ჩავასხათ თაფლი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურიოთ. თაფლი როგორც კი დუღილამდე მივა და აქაფდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ. ცოტა ხანში ისევ შევდგათ ცეცხლზე და ასე გავიმეოროთ სამჯერ. მესამედ გაცივების შემდეგ თაფლი ისევ დავდგათ ცეცხლზე და დავაყაროთ ნიგოზი. დავუმატოთ შაქარი. კარგად ავურიოთ ერთმანეთში და გავაჩეროთ რამდენიმე წუთი. გადმოვიღოთ სველ დაფაზე და დავიწყოთ გაბრტყელება სველი გასაბრტყელებლით. საჭიროა სწრაფად გავაბრტყელოთ, რომ თაფლი არ გაგვიცივდეს და მალევე დავჭრათ, თორემ გაცივების შემდეგ გამაგრდება და დაჭრაც გაძნელდება.