"აღმომაჩნდა დაავადება, რომელსაც წამალი ვერ კურნავს... ისეთი ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში" - პაატა გულიაშვილი
მსახიობ პაატა გულიაშვილისთვის 2023 წელი წარმატებული იყო. ტელევიზიაში მისი შოუები რეიტინგების სათავიდან არ ჩამოდის. დიდი მიღწევა ჰქონდა სამსახიობო კუთხითაც. წლის საუკეთესო მამაკაცი გახდა და მიიღო აკაკი ხორავას სახელობის პრემია.
თუმცა იქამდე პაატამ განსაცდელი გამოიარა, რის გამოც ცხოვრების წესი შეიცვალა. ქეიფის მოყვარულ მსახიობს საყვარელ მწვადებზეც კი უარის თქმა მოუწია. მიზეზი კი სერიოზული დაავადებაა, რომელიც მას თურქეთის კლინიკაში დაუდგინდა. ახლა თავს კარგად გრძნობს, 20 კილოთი ნაკლებს იწონის და ენერგიითაც სავსეა.
- ჯანმრთელობის პრობლემები აღმომაჩნდა - შაქარი და სერიოზული დაავადებაც. თურქეთში მომიწია წასვლა იმისთვის, რომ სწორი დიაგნოზი დაესვათ. აღმომაჩნდა დივერკულიტი. ამ დაავადებას წამალი ვერ კურნავს. თუ გინდა, რომ კარგად იყო, ცხოვრების წესი უნდა შეცვალო. ამის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა მომიწია, გავხდი სევდიანი, ხანდახან რომ ვფიქრობ, ის ჩემი ბოჰემური ცხოვრება გარკვეულწილად ნიღაბი იყო.
- ბევრ მამაკაცს უჭირს ცხოვრების წესის შეცვლა, ექიმის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად. თქვენ რა დაგეხმარათ გადაწყვეტილების მიღებაში?
- ისეთ ტკივილები გამოვიარე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ათი ექიმი მადგა თავზე და ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან ვერაო. სხვა გზა არ მქონდა, ექიმებს უნდა დავმორჩილებოდი. როგორც კი მივხვდი, რომ სწორი კვებით თავს უკეთ ვგრძნობდი, გავყევი ამ ყველაფერს.