საიდან მოდის საახალწლო ნაძვის ხის ტრადიცია?
როგორ დაიწყო ნაძვის ხის მორთვა?
ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე მარადმწვანე მცენარეებსა და ხეებს ადამიანებისთვის ზამთარში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდათ. ზუსტად ისე, როგორც თანამედროვეობაში რთავენ სახლებს ნაძვის, ფიჭვის ან სოჭის ხეებით, ძველ დროშიც ამშვენებდნენ კარებსა და ფანჯრებს მარადმწვანე, წიწვოვანი ხეების ტოტებით. ბევრ ქვეყანაში იმისიც სჯეროდათ, რომ მარადმწვანე მცენარე სახლს ალქაჯებისგან, მოჩვენებებისგან, ავი სულებისგან ან ავადმყოფობისგან დაიცავდა.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე მოკლე დღესა და გრძელ ღამეს, 21 დეკემბერს ზამთრის ბუნიობას ეძახიან. ძველ დროში ადამიანებს სწამდათ, რომ ზამთარი მზე-ღმერთის დასუსტებისა და ავადმყოფობის გამო დგებოდა, ხოლო ბუნიობას განსაკუთრებულად იმიტომ აღნიშნავდნენ, რომ სჯეროდათ, ამ მომენტიდან მზე გამოჯანმრთელებას იწყებდა. მარადმწვანე ტოტები კი მათ ახსენებდათ იმ ფაქტს, რომ მალე ყველა მცენარე ზრდას დაიწყებდა, მზე-ღმერთი გაძლიერდებოდა და ზაფხული დაბრუნდებოდა.
ძველი ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ უზენაეს ღვთაებას, სახელად რას, რომელსაც ფრინველის თავი ჰქონდა და გვირგვინად მზის დისკო ამშვენებდა. ბუნიობაზე, როცა რა ავადმყოფობისგან განკურნებას იწყებდა, ეგვიპტელები სახლებს პალმის მწვანე რტოებით რთავდნენ, რაც მათთვის სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო იყო.
ძველი რომაელები ბუნიობას დიდი ნადიმით ხვდებოდნენ, რომელსაც სატურნალია ერქვა და იგი სატურნის, მიწათმოქმედების ღმერთის პატივსაცემად იმართებოდა. რომაელებმა იცოდნენ, რომ მალე ხეხილის ბაღები ამწვანდებოდა და ნაყოფს მოისხამდა. ამ გარემოების აღსანიშნავად ისინი სახლებსა და ტაძრებს მარადმწვანე ტოტებით ამკობდნენ.
ჩრდილოეთ ევროპაში დრუიდები, ძველი კელტების რელიგიური მსახურები, ტაძრებს მარადმწვანე ტოტებით აფორმებდნენ და ამით სამარადჟამო სიცოცხლეს გამოხატავდნენ. სკანდინავიაში კი ვიკინგებს სჯეროდათ, რომ მარადმწვანე მცენარეები მათი მზის ღმერთის, ბალდრის განუყოფელი ნაწილი იყო.
მიიჩნევა, რომ სწორედ გერმანიაა ის ადგილი, სადაც ნაძვის ხის ტრადიცია დაიწყო იმ ფორმით, როგორსაც ჩვენ ახლა ვიცნობთ. ეს XVI საუკუნეში მოხდა, როცა ქრისტიანებმა სახლში მორთული ხეების დადგმა დაიწყეს. ზოგიერთი მათგანი საშობაოდ ხეებისგან პირამიდას აწყობდა და მათ მარადმწვანე ტოტებით და სანთლებით რთავდა.
როგორც ცნობილია, მარტინ ლუთერმა, მე-16 საუკუნის პროტესტანტმა რეფორმატორმა, პირველმა შეამკო ნაძვის ხე სანთლებით. გადმოცემის თანახმად, ზამთრის ერთ საღამოს, ქადაგებისას, ის ძალიან მოიხიბლა მარადმწვანე ტოტებს შორის ცაში ვარსკვლავების კიაფით. ამ სანახაობის გასაცოცხლებლად სახლში მთავარ ოთახში ხე დადგა და ტოტები პატარა სანთლებით შეამკო.
მე-19 საუკუნეში ამერიკელების უმეტესობას საშობაო ნაძვის ხე ძალიან ეუცნაურებოდა. ნაძვის ხის მორთვის პირველი პრეცედენტი ამ კონტინენტზე 1830-იან წლებში, პენსილვანიის გერმანულ დასახლებაში დაფიქსირდა, თუმცა თავად გერმანელები ამ ტრადიციას დიდი ხნით ადრე მისდევდნენ.
ამერიკელების უმეტესობას მე-19 საუკუნის 40-იანი წლების ბოლომდე ნაძვის ხეები წარმართულ სიმბოლოდ მიაჩნდათ და ამ ტრადიციას არ ცნობდნენ. შესაბამისად, უცნაური არაა, რომ სხვა საშობაო ტრადიციების მსგავსად, ამერიკაში ნაძვის ხის მორთვის წესი ძალიან გვიან გავრცელდა.
ახალი ინგლისის პურიტანებისთვის შობა წმინდათა წმინდა დღესასწაული იყო. პილიგრიმების მეორე გუბერნატორი, უილიამ ბრედფორდი წერდა, რომ მან ყველაფერი იღონა “წარმართული პაროდიის” ამოსაძირკვად და ამ ქარაფშუტული საქციელისთვის ადამიანებს აჯარიმებდა კიდეც.
გავლენიანმა მოღვაწემ, ოლივერ კრომველმა არაერთხელ იქადაგა საშობაო სიმღერების, ნაძვის ხის და სხვა იმ “კერპთაყვანისმცემლური ტრადიციების” წინააღმდეგ, რომლებიც ამ “წმინდა დღესასწაულს ბილწავდა”.
1659 წელს მასაჩუსეტსსის მთავარმა სასამართლომ გამოუშვა კანონი, რომლითაც 25 დეკემბერს ნებისმიერი აღნიშვნა, გარდა საეკლესიო წირვა-ლოცვისა, დანაშაულად ითვლებოდა და ადამიანებს საშობაო დეკორაციებისთვის აჯარიმებდნენ. ეს მკაცრი მიდგომები მე-19 საუკუნემდე გაგრძელდა მანამ, სანამ გერმანელი და ირლანდიელი მიგრანტების დიდმა ნაკადმა პურიტანული მემკვიდრეობა მივიწყებას მისცა.
1846 წელს ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი სამეფო ოჯახი, დედოფალი ვიქტორია და პრინცი ალბერტი შვილებთან ერთად ილუსტრირებულ “ლონდონ ნიუსში” ნაძვის ხის გარშემო მდგარი დახატეს. წინა სამეფო ოჯახისგან განსხვავებით, ვიქტორია დიდი პოპულარობით სარგებლობდა და რასაც სამეფო კარზე აკეთებდა, ყველაფერი ელვის სისწრაფით მოდური ხდებოდა არა მარტო ბრიტანეთში, არამედ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს საზოგადოებაში. ასე გავრცელდა ნაძვის ხეც.
1890-იან წლებში საახალწლო დეკორაციები გერმანიიდან ვრცელდებოდა და ნაძვის ხის პოპულარობა ამერიკაშიც იმატებდა. საინტერესოა, რომ ევროპელები მომცრო ზომის ნაძვის ხეს ანიჭებდნენ უპირატესობას, ხოლო ამერიკელებს ჭერის სიმაღლის ხეები მოსწონდათ
მე-20 საუკუნის ადრეულ წლებში ამერიკელები ნაძვის ხეს სახლში დამზადებული სათამაშოებით რთავდნენ, გერმანელ-ამერიკელები კი ტრადიციას აგრძელებდნენ და ხეებს ვაშლებით, თხილებით და მარციპანის ნამცხვრებით აფორმებდნენ. მოგვიანებით სხვადასხვა ფერად შეღებილი პოპკორნიც გახდა პოპულარული. ელექტროენერგიის გავრცელებამ კი ადამიანებს ნაძვის ხის მთელი დღის განმავლობაში განათების საშუალება მისცა. ასე დაიწყო და მალე ნაძვის ხეებს ქალაქების მოედნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით რთავდნენ, შესაბამისად, ნაძვის ხის აღმართვა ამერიკულ ტრადიციადაც იქცა.
გერმანელი მოსახლეები ამერიკიდან კანადაში 1700-იან წლებში გადავიდნენ და თან გაიყოლეს ბევრი რამ, რაც დღეს საახალწლო და საშობაო დღესასწაულთანაა დაკავშირებული — სასაჩუქრე კალენდრები, თაფლაკვერის სახლები, ნამცხვრები და ნაძვის ხე. როცა დედოფალმა ვიქტორიამ და მისმა გერმანელმა ქმარმა, პრინცმა ალბერტმა უინძორების სასახლეში ნაძვის ხე მორთეს, ეს ტრადიცია ინგლისისა და აშშ-ს გარდა, კანადაშიც გავრცელდა.
მექსიკელებისთვის მთავარი სადღესასწაულო მორთულობა “el Nacimiento”-ს, იგივე მაცხოვრის შობის სცენას უკავშირდება. ნაძვის ხე ამ სცენაშიც ფიგურირებს, ან სახლში სხვა ადგილას რთავენ. ბუნებრივი ფიჭვის ყიდვა მექსიკელებისთვის დიდი ფუფუნებაა, ამიტომ ისინი, როგორც წესი, ხელოვნურ ხეებს რთავენ.
ბრიტანელები ტრადიციულად, ნორვეგიულ ნაძვს რთავდნენ. ამ ჯიშის ნაძვი ბრიტანეთის კუნძულებზე გამყინვარებამდე პერიოდში იყო გავრცელებული, შემდეგ კი, მე-16 საუკუნეში, ხელახლა “გაიცნეს”.
ნაძვის ხეები გრენლანდიაში იმპორტირებულია, რადგან ასე ჩრდილოეთით ხეები არ ხარობს. აქ ნაძვის ხეებს განსაკუთრებულად ფერადი და კაშკაშა ორნამენტებით რთავენ.
საშობაო ნაძვის ხე გვატემალაში შობის სცენის ნაწილია, რომელიც აქ მცხოვრები გერმანელების წყალობით გახდა პოპულარული. აქ ბავშვებისთვის საჩუქრებს ხის ქვეშ შობის დილას დებენ. მშობლები და ზრდასრული ოჯახის წევრები კი საჩუქრებს ახალ წლამდე არ ცვლიან.
მიუხედავად იმისა, რომ შობა-ახალ წელს ბრაზილიაში ზაფხულშია, ზოგჯერ აქ ფიჭვის ხეებს ბამბებით რთავენ, რაც თოვლის სიმბოლოა.
შვედეთში ნაძვის ხეს შობამდე დიდი ხნით ადრე ყიდულობენ, თუმცა დღესასწაულამდე სულ რამდენიმე დღით ადრე რთავენ. მარადმწვანე ხეებზე კიდებენ ვარსკვლავებს, ფიფქებს, სხივებს, ხისგან დამზადებულ ცხოველებს და სხვა.
ნორვეგიაში კი კარგი ხის შესარჩევად ტყეშიც კი მიდიან. ნაძვის ხე აქ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე პოპულარული არ იყო და აქაც გერმანელებმა შემოიტანეს. ამ ქვეყანაში, ტრადიციისამებრ, ნაძვის ხეს მშობლები რთავენ, შვილები კი სხვა ოთახში ელიან. მათთან ასევე გავრცელებულია ნავის ხის გარშემო ხელების ჩაჭიდების რიტუალი და მის გარშემო სიმღერით ტრიალი. ამის შემდეგ საჩუქრების გახსნის დრო მოდის.
იტალიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული მორთულობა პრესეპიოა, რომელიც მინიატიურული ფიგურების ერთობლიობაა და გამოსახავს ქრისტესშობის სცენას. ეს ფიგურები, როგორც წესი, ხელითაა გამოქანდაკებული და მას ძალიან ბევრი ფერადი დეტალი ამკობს. იტალიურ მორთულობას სამკუთხა ძირი, პირამიდისებური მოყვანილობა და რამდენიმე “სართული” აქვს. მას ფერადი ქაღალდებით, გირჩებით და მინიატიურული ფერადი დროშებით რთავენ. ასევე, აწყობენ ხილს, კანფეტებსა და პატარა საჩუქრებს.
გერმანიაში მარტინ ლუთერზე გავრცელებული თქმულების გარდა, კიდევ ერთი ლეგენდაა შემორჩენილი. მის მიხედვით, მე-16 საუკუნეში გერმანიაში გააერთიანეს ორი ტრადიცია, რომელსაც მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში მისდევდნენ. “სამოთხის ხე” (ვაშლებით მორთული სოჭის ხე) აღნიშვანდა ცოდნის ხეს ედემის ბაღში. ხოლო შობის ნათება — პატარა პირამიდისებური ჩარჩო, რომელსაც მინის ბურთებით, ბრჭყვიალებით და სანთლით რთავდნენ, ქრისტესშობის სიმბოლო იყო. ამ ხეზე ვაშლების ნაცვლად სათამაშოების დაკიდებით და მის თავზე სანთლის დამაგრებით გერმანელებმა შექმნეს ისეთი ნაძვის ხე, როგორიც დღეს თითქმის ყველა ოჯახში ირთვება.
სამხრეთ აფრიკაში შობა-ახალ წელს ზაფხულია. აქ ნაძვის ხეები გავრცელებული არაა, თუმცა ფანჯრებს ხშირად რთავენ ბრჭყვიალა მატერიებით და სხვა ფერად-ფერადი ორნამენტებით.
საუდის არაბეთში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს, თუმცა ისინი შობას სახლში, მოკრძალებულად აღნიშნავენ. საშობაო მორთულობას და განათებებს აქ არ სწყალობენ, ამიტომ ოჯახების უმეტესობა ნაძვის ხეს შეუმჩნეველ ადგილას დგამს.
ჩინეთში შობას ცოტა ადამიანი აღნიშნავს, თუმცა ისინი, ვინც ტრადიციას მისდევენ, ხელოვნურ ხეებს რთავენ ფერად-ფერადი ყვავილებით, განათებებითა და ლამაზი ორნამენტებით. აქ ნაძვის ხეს “სინათლის ხეს” ეძახიან.
იაპონიაში კი მათთვის, ვინც შობას აღნიშნავს, დღესასწაული უფრო საეკლესიოა. აქ ნაძვის ხეებს პატარა სათამაშოებით, თოჯინებით, ქაღალდის ორნამენტებით, ოქროსფერი მარაოებით და ნათურებით რთავენ. ტოტებზე მინიატიურულ სანთლებსაც შეამჩნევ, ძალიან პოპულარულია, ასევე, ორიგამით გაკეთებული გედი.