თეგებით ძიება

ჯო დასენის საბედისწერო შეცდომა, რომელიც მომღერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა

მან მხოლოდ 42 წელი იცხოვრა და სიყვარულზე შექმნილი ათობით სიმღერა დატოვა. ჯო დასენის გარდაცვალების შემდეგ პრესაში გაჩნდა უამრავი სტატია, რომლებშიც წერდნენ მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული მომღერლის სასიყვარულო ისტორიებზე და, სხვათა შორის, იმაზეც, რომ მისი უკანასკნელი სიყვარული გახდა მომღერლის ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი...

ამბობდნენ, რომ ჯო თავის პირველ ცოლს - მარიზ მასერას ღალატობდა. იმასაც წერდნენ, რომ ჯომ საყვარლების ცვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მარიზი შეიცვალა - ქალი დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებდა დაფეხმძიმებას, რამაც მის ფსიქიკაზე იმოქმედა...

მრავალრიცხოვანი საყვარლების მიუხედავად, მომღერლის მეგობრების მტკიცებით, ჯოს ცხოვრებაში მხოლოდ მისი ორი ცოლი - მარიზი და კრისტინი არსებობდნენ და სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ მომღერლის ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი...

ამერიკული წარმოშობის ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორი ჯო დასენი (ჯოზეფ აირა დასენი) კინორეჟისორისა და მევიოლინეს ოჯახში დაიბადა.

ჯო პატარა ბიჭი იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ, რამაც უდიდესი სულიერი ტკივილი მიაყენა, თუმცა ორივე მშობელთან შესანიშნავი ურთიერთობა შეინარჩუნა.

მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლის დროს, გიტარაზე დაკვრა ჯოსთვის მხოლოდ ჰობი იყო და დიდხანს ფიქრობდა, რომელი პროფესია აერჩია სამომავლოდ - მომღერლის, ეთნოგრაფისა თუ მსახიობის.

თავიდან, სანამ თავის სტილს იპოვიდა, დეტროიტის ღამის კაბარეში მღეროდა და ამერიკული ხალხური სიმღერებისა და ფრანგული შანსონის შერწყმას ცდილობდა. დიპლომის აღების შემდეგ ახალგაზრდა ჯო დასენი საფრანგეთში დაბრუნდა და ორი ფილმის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, რამაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა.

ჯო დასენმა მომავალი მეუღლე 1963 წლის 13 დეკემბერს, ერთ-ერთ კოსტიუმირებულ საღამოზე გაიცნო. ჟანა დ’არკის კოსტიუმში გამოწყობილი მარიზის ყურადღება სიმპათიურმა ყმაწვილმა მიიპყრო. მას შავი, მაღალყელიანი ჩექმები, შავი ატლასის შარვალი და თეთრი აბრეშუმის შეხსნილი პერანგი ეცვა და ლოყაზე ნაიარევი ეტყობოდა. გოგონამ მალე გაარკვია, რომ ის ამერიკიდან ახლად დაბრუნებული, ცნობილი კინორეჟისორის ჟიულ დასენის 25 წლის ვაჟი იყო, რომელიც პარიზის რადიოში და სკანდალურ ჟურნალ „პლეიბოიში“ ჟურნალისტად მუშაობდა. მარიზი მთელი საღამო ეძებდა საერთო ნაცნობს, რომელიც ჯოს გააცნობდა და საბოლოოდ, იპოვა კიდეც.

ამ დღემ ორივეს ცხოვრება შეცვალა. გაცნობის მეორე დღეს ჯომ ქალიშვილი პარიზის გარეუბანში, წვეულებაზე მიიწვია. მარიზს ეგონა, რომ ჯო მის ცდუნებას აპირებდა, თუმცა ის მთელი საღამო მღეროდა. „როგორც ნამდვილმა ჯენტლმენმა, ჯომ სასტუმროში ორი ოთახი აიღო. ბოლომდე რომ მოვეხიბლე, თან გიტარა წამოიღო და ჩემს ოთახში იმპროვიზებული კონცერტი მოაწყო. თუმცა, იმ ღამეს თავის ოთახში არ დაბრუნებულა“, - გაიხსენებს მოგვიანებით მარიზ მასერა.

შეყვარებულები თავიდან გოგონას დედასთან - ბეატრისთან დასახლდნენ, შემდეგ კი ფული შეაგროვეს და რასპაის ბულვარზე, სამოთახიანი ბინა იქირავეს. ჯოს დაბადების დღეს მარიზმა სიურპრიზი მოუწყო და მისი სიმღერები „სი ბი ეს“-ში მომუშავე მეგობარს მოასმენინა. სიმღერამ სტუდიის პროდიუსერებიც დააინტერესა და ჯო საცდელი ფირფიტის ჩაწერაზე მიიწვიეს. ფირფიტამ, რომელშიც ამერიკული სიმღერები იყო ჩაწერილი, მსმენელის მოწონება ვერ დაიმსახურა, სამაგიეროდ, ფრანგულმა შანსონმა პუბლიკა აღაფრთოვანა. ჯო დასენის „ბიპ-ბიპი“, „გუანტანამერა“ და „ლე დანტონი“ ნამდვილ ჰიტებად იქცა.

1969 წლიდან მოყოლებული, ჯომ გასტროლებზე სიარული დაიწყო და რამდენიმე წელიწადში საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი გახდა. მარიზი გამუდმებით არწმუნებდა ჯოს, რომ უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ მომღერალი ყოყმანობდა. ის ვერაფრით ივიწყებდა მშობლების გაყრას და შიშობდა, რომ მის ოჯახსაც იგივე ბედი ელოდა.

საბოლოოდ, მარიზმა მიზანს მიაღწია და 1966 წლის 18 იანვარს ქორწილი დაინიშნა. სიძის მოთხოვნით, ცერემონიას ახლობლები და ნათესავები არ დასწრებიან. წყვილმა ერთად რთული და რომანტიზმით სავსე 10 წელი გაატარა. მარიზი მთელი თავისი არსებით ჯოსთვის იყო შექმნილი. იყო მისი მდივანი, დიეტოლოგი, დიზაინერი, მძღოლი, სტილისტი... მას სურდა, რომ სანამ გაზეთს კითხულობდა, მანქანა მე მეტარებინა. უნდოდა, რომ თვალი მედევნებინა მისი ჯანმრთელობისა და ვარცხნილობისთვის, ამიტომ დღეში მისი რამდენჯერმე დავარცხნა მიწევდა. ვპასუხობდი მის წერილებს, ვრეცხავდი და ვაუთოებდი მის ქათქათა სასცენო კოსტიუმებს და უზომოდ ბედნიერი ვიყავი“, - იხსენებდა მარიზი.

1971 წელს საბერძნეთიდან საფრანგეთისკენ მიმავალ გზაზე, ჯო დასენმა თვითმფრინავში 21 წლის ლამაზმანი - კრისტინ დელვო გაიცნო. „პატარა ბიჭივით შემიყვარდა“, - აღიარა მოგვიანებით მან.

ამის შემდეგ, ოჯახსა და ახალ სიყვარულს შორის, მომღერლის „ორმაგი ცხოვრება“ დაიწყო.

„ჯო ცოლიანი იყო, ამიტომ ჩვენი სიყვარული თავიდანვე განწირული ჩანდა. იმათ რიცხვს არ ვეკუთვნი, ვინც ოჯახებს ანგრევს, მაგრამ არც მუდმივად ჩრდილში დარჩენას და ცოლიანი კაცის საყვარლობას ვაპირებდი. ჯოს მოსწონდა, რომ ქალებს თავბრუს ახვევდა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ერთგული იყო. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი შეხვედრები სულ უფრო ხშირი ხდებოდა“. - ამბობდა კრისტინი.

1973 წელს მარიზმა შვიდთვიანი ბავშვი გააჩინა, რომელმაც მხოლოდ ხუთი დღე იცოცხლა. ბავშვის სიკვდილმა მომღერალი მთლიანად გაანადგურა. ეს დასასრულია, მარიზ, გესმის? ყველაფერი დამთავრდა. ჩვენი ბიჭუნა აღარ არის, თითქოს არასოდეს ყოფილა - სასოწარკვეთილი იმეორებდა ის.

დასენს ტრაგედიების გადატანა ძალიან უჭირდა, ის დეპრესიაში ჩავარდა და ტკივილს სპირტიანი სასმელით იყუჩებდა. ამის შემდეგ ცოლთან ურთიერთობა გართულდა, რადგან ბავშვის სიკვდილში ორივე საკუთარ თავს ადანაშაულებდა.

1978 წლის 11 იანვარს, როცა ასე გაგრძელება შეუძლებელი გახდა, ისინი დასცილდნენ და ეს ჯო დასენის საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა.

გააგრძელეთ კითხვა 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა