თეგებით ძიება

რატომ უნდა მოხდეს უცხოელი პაციენტების სხვა ქვეყანაში გადინება, როდესაც შეიძლება ჩვენმა ქვეყანამ უზარმაზარი შემოსავალი მიიღოს? - ნინო მუსერიძე

2024 წლის 1 იანვრიდან რეპროდუქციული სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებს ახალი ვალდებულება გაუჩნდათ. კერძოდ, დამხმარე რეპროდუქციული ტექნლოგიებით სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია რეპროდუქციასთან დაკავშრებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს. მთავრობის განმარტებით, ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედებისა და ემბრიონების შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის ამოქმედება ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია. რა იცვლება საკანონმდელო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კლინიკების საქმიანობაში და  აქამდე თუ ჰქონდათ კლინიკებს ამ ტიპის ვალდებულება? ამ კითხვებით TIA.GE ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის დირექტორს და დამფუძნებელს, ნინო მუსერიძეს დაუკავშირდა.

- ეს საუკეთესო ცვლილებაა, რომელიც შეიძლებოდა ჩვენს სფეროში განხორციელებულიყო. როდესაც რაღაც არ რეგულირდება, ძალიან რთულია მუშაობა. ამ რეგულაციით კლინიკები უკვე გაერთიანებული ვიქნებით საერთაშორისო რეესტრში. ასევე სახელმწიფო შეძლებს გააკონტროლოს როგორ ხდება დონაცია, სუროგაცია, ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობა. ჯანდაცვის სამინისტრი იქნება ჩართული სრულად, ყველაფერი იქნება ატვირთული პორტალზე - რა ხდება ჩვენს კლინიკებში, როგორ ხდება პროცედურის წარმოება, რამდენი ორსულობა გვაქვს მიღებული. სამინისტროს უკვე შეუძლია სტატისტიკა აწარმოოს, რომელი კლინიკა როგორ მუშაბს და რამდენად კარგი შედეგი აქვს. ეს ერთი დღის პროექტი  არ არის, ძალიან დიდი ხანია, ხორციელდება და მიხარია, რომ ამაზე მუშაობა დასრულდა და კლინიკებს გვექნება ვალდებულება, რომ ყველაფერი ეს აღვრიცხოთ.

- რა ტიპის ინფორმაციის წარდგენა იქნება სავალდებულო?

- ყველანაირი ინფორმაცია მოხვდება. მაგალითად, რამდენი კვერცხუჯრედი მივიღე, აქედან რამდენი ემბრიონი განვითარდა, რა აქვს წყვილს შენახული თავის ბანკში და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მიკვლევადობაც ძალიან მარტივი იქნება. მაქსიმალურად ვიქნებით დაცული, რომ ერთი და იგივე დონორი რამდენიმეჯერ, სხვადასხვა კლინიკაში არ იყოს გამოყენებული. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც, პაციენტისთვისაც და ეს არის ის საწყისი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სახელმწიფომ ამ სფეროში ჩაიხედოს. დღეს საქართველო ამ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით წამყვანია, ამიტომ არსებობდა გარკვეული შიშის ფაქტორი - რამდენად შევძლებდით ამის ხარისხიანად გაკეტებას. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს ძალიან ხარისხიანად ვაკეთებთ. საქართველოს ტერიტორიაზე 19 კლინიკაა ოფიციალურად დარეგისტრირებული ეს ძალიან დიდი შემოსავალია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არის სფერო, რომელიც სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით, ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ჩვენი სფეროს დარეგულირება იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ როდესაც სახელმწიფო ამაში იქნება ჩართვება, რატომ უნდა მოხდეს უცხოელი პაციენტების სხვა ქვეყანაში გადინება, როდესაც შესაძლებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ უზარმაზარი შემოსავალი მიიღოს? მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ქართველი პეციენტებითვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ისევე, როგორც აჭარაში მოხდა, სახელმწიფო დაფინანსებაში ჩაერთვება და სერვისი მათთვის გაცილებით იაფი და ხელმისაწვდომი გახდება.  

ეს მსოფლიოში ჩვენი ცნობადობის ამაღლებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მსოფლიოში ნამდვილად გვიცნობენ, როგორც კარგი ხარისხის სერვისის გამწევ ქვეყანას და ეს რეგულაციები კარგ შთაბეჭდილებასაც მოახდენს და ჩვენ გვექნება საერთაშორისო კონფერენციებზე ის, რომ გვექნება რეესტრი, გვექნება შედეგების მოხსენების შესაძლებლობა, რამდენად ბევრი ორსულობა დგება საქართველოში, რა ხარისხით მიმდინარეობს ეს სერვისი და ეს კარგია, იმიტომ, რომ ქვეყანა იქნება ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე. დღეს როდესაც ასეთი სტატისტიკა არ გვაქვს, ამაზე ვერ ვსაუბრობთ.

- პარლამენტში განიხილება 2025 წლიდან სახელმწიფოს თანადაფინანსება უშვილო წყვილებისთვის რეპროდუქციულ სერვისებზე. აჭარაში როგორია თანადაფინანსება და ეს თუ მოაგვარებს დემოგრაფიულ პრობლემებს?

- ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც ამ სერვისს არ აფინანსებს, თუმცა ჩვენი მთავრობის პოზიციაა, რომ დაფინანსება მოხდეს. პილოტური პროგრამა უკვე იყო აჭარის ჯანდაცვაში და იქ შშმ პირების და სოციალურად დაუცველების დაფინანსება და მასწავლებლებიც დაემატა. ეს ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ჩვენთან როცა მოდიან, ფონდი ცალკე უფინანსებთ, აჭარის მთავრობა ცალკე და სრულიად უფასო გამოსდით. რაც არ უნდა ვისაუბროთ, ეს არის ძალიან ძვირადღირებული სერვისი, რომელსაც საქართველო კი არა, სხვა ქვეყნებშიც ვერ გაწვდება პაციენტი, თუ მას სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არ ექნება.

- პროცედურის ჩატარება დაახლოებით რა ჯდება?

- დაახლოებით 10 000-დან 18 000 ლარის ფარგლებში ჯდება თავისი წამლით და ყველა მომსახურებით. სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად თურქეთში სახელმწიფო სუბსიდირებას აკეთებს წამალში და ამიტომ არის თურქეთში წამალი გაცილებით იაფი ჯდება, მაგრამ თურქეთს არა აქვს უფლება ამ წამლის სხვა ქვეყანაში ექსპორტი განახორციელოს. ჩვენთან ჩამოდიან ამერიკის მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო სხვა ქვეყანაშიც კი უფინანსებს ინ ვიტრო განაყოფიერებას. აქედან გამომდინარე, ისინი რომ ჩამოდიან, აქედან მიაქვთ ფორმა ასი, ხარჯთაღრიცხვა და სადაზღვევო კომპანიაც უფინანსებთ და სახელმწიფოც. არ შეიძლება დააფინანსო ისეთი შემთხვევა, რომელიც განწირულია უარყოფით პასუხზე. რაც მთავარია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული ეს ყველაფერი. შედეგზე ორიენტაცია ნიშნავს იმას, რომ დავაფინანსეთ წყვილი,  რომელსაც აქვს შანსი ყველაფერი გამოუვიდეს. იცით რა არის მნიშვნელოვანი? დღეს ჩვენ ახალ რეგულაციებს არ ვიგონებთ. ეს გამოცდილება მსოფლიოში არსებობს და საქართველოსთვის ოპტიმალური ვარიანტი იქნა არჩეული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა