"კონტაქტურია, თუმცა, სავარაუდოდ, პაციენტი ჩვენების მიცემას გამომძიებელებისთვის ვერ შეძლებს“ - რას ამბობს ექიმი კაცზე, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული?
კაცი, რომელმაც 9 იანვარს თბილისში, ცოლს მრავლობითი სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, ამ დრომდე „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
არსებული ინფორმაციით, კაცი კონტაქტურია, მაგრამ ჩვენება ჯერ არ მიუცია.
კლინიკის ექიმმა მედიის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა სტაბილური რჩება.
„ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კარდიოქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. გულის ჭრილობა იყო და ჭრილობა გაიკერა. კონტაქტურია, თუმცა, სავარაუდოდ, პაციენტი ჩვენების მიცემას გამომძიებელებისთვის ვერ შეძლებს. ჯერ მისი მდგომარეობა ამ კონდიციაში არ არის. ამ ეტაპზე ჩვენც ვერ გავცემთ ნებართვას“, – ამბობს ექიმი.
ცნობისათვის, 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ცოლს დაზიანებები მიაყენა და თავადაც თვითდაზიანებები მიიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.