თეგებით ძიება

უცხოელი ინვესტორების ინტერესი - ბინებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა

„უცხოელების მხრიდან საქართველოში ბინებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა“,- ამის შესახებ „მწვანე ინვესტიციების“ დამფუძნებელმა გივი კორინთელმა "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია ისრაელიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.

როგორც გივი კორინთელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნა, მოთხოვნის ზრდას რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარება და სხვა გარე ფაქტორები განაპირობებს.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება დუბაის უძრავი ქონების ბაზრის სტაგნაცია გახდა, რის გამოც ინვესტორებმა ალტერნატიული ბაზრების ძიება დაიწყეს.

„მოთხოვნა პირველ რიგში უცხოური ბაზრებიდან მოდის. მაგალითად, გაორმაგებულია მოთხოვნა ისრაელიდან, ძალიან არის გაზრდილი მეზობელი ქვეყნებიდან - რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.

ბოლო პერიოდის დუბაის ბაზრის სტაგნაციამ, ირანის დარტყმების შემდეგ, გამოიწვია ის, რომ საინვესტიციო მიმზიდველობა საამიროებმა მეტ-ნაკლებად დაკარგა და ფაქტობრივად, რეგიონში მეორე ალტერნატიული საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანა ჩვენ ვართ.

ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ფასიც. ამ ბაზარმა საინვესტიციო მიმზიდველობა შეიძინა არა მხოლოდ საცხოვრებელი უძრავი ქონების, არამედ ზოგადად ინვესტირების კუთხითაც,“ - განაცხადა გივი კორინთელმა.

მისივე თქმით, სწორედ გაზრდილი ინტერესის შედეგია, რომ ბაზარზე სულ უფრო ხშირად ანონსდება მსხვილი სამშენებლო პროექტები.

„ამით არის განპირობებული დიდი, ხმაურიანი პროექტების დაანონსებაც. უცხოელი ინვესტორებისთვის დღევანდელი საფასო სეგმენტი შემაფერხებელი არ არის. საქართველო მათთვის ღია და გამჭვირვალე ბაზარია, საგადასახადო და აქ ყოფნის პირობებიც მეტ-ნაკლებად სტაბილურია, რის გამოც საინვესტიციო მიმზიდველობა კიდევ უფრო გაიზარდა,“ - აღნიშნა გივი კორინთელმა. 

მისი შეფასებით, უცხოელი მყიდველების მხრიდან მოთხოვნა ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა