თეგებით ძიება

სუბურბანიზაცია - გაქცევა ხმაურიანი ქალაქიდან

ქალაქის ხმაურსა და მჭიდრო განაშენიანებას სულ უფრო მეტი ადამიანი არიდებს თავს. საბურთალოდან და ცენტრალური უბნებიდან გარეუბნებში გადასვლა დღეს უკვე არა უბრალოდ დროებითი ტენდენცია, არამედ ახალი ურბანული რეალობაა, რომელიც ცხოვრების სტილს ძირფესვიანად ცვლის.

რას ნიშნავს სუბურბანიზაცია?

ქალაქის ხმაური, დაბინძურებული ჰაერი და ურბანული სივიწროვე მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ქალაქიდან გარეუბანში გადასვლისკენ უბიძგებს. სუბურბანიზაცია, ანუ ქალაქიდან გარეუბნებში „ემიგრაცია“, მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში კარგა ხანია შეინიშნება, მაგრამ პროცესი ყველგან სხვადასხვა ტემპითა და მასშტაბით მიმდინარეობს.

ამ მხრივ ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორი კოვიდპანდემია გახდა, როდესაც დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ მოსახლეობას გაცილებით უფრო მეტი არჩევანის შესაძლებლობა მისცა. ამას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი, რადგან ბევრმა კომპანიამ დისტანციური ან ჰიბრიდული სამუშაო მოდელი შეინარჩუნა და დასაქმებულებს საცხოვრებლის თავისუფალი არჩევანი დაუტოვა.

თუმცა ქალაქის სიახლოვეს გარეუბნების განვითარების პირველი ჩანასახი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არსებობდა. მაგალითად, ბაბილონის მახლობლად არსებულ გარეუბნებზე ცნობები ჩვ. წ.-მდე 539 წლით თარიღდება. სპარსეთის მეფისთვის თიხის ფირფიტაზე გაკეთებულ ჩანაწერში ნათქვამია:

„ჩვენი უძრავი ქონება მსოფლიოში ყველაზე ლამაზია. ის იმდენად ახლოს არის ბაბილონთან, რომ ქალაქის ყველა უპირატესობით სარგებლობის შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა როდესაც სახლში ვბრუნდებით, ხმაურისა და მტვრისგან მაინც შორს ვართ.“

თანამედროვე სუბურბანული ზრდა კი ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, XIX საუკუნიდან შეინიშნება, როდესაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებამ ქარხნებისა და სამუშაო ადგილების ქალაქის გარეთ გადატანის შესაძლებლობა შექმნა. ეს პროცესი კანადაში 1800-იან, იტალიაში კი 1920-იან წლებში დაიწყო. კომპანიებმა საწარმოების ქალაქის ცენტრიდან გადატანის გამო დასაქმებულებისთვის საკუთარი დასახლებები შექმნეს.

სუბურბანულ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ავტომწარმოებელმა ჰენრი ფორდმა. საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებამ ქალაქგარეთ გადაადგილება კიდევ უფრო გააადვილა. მალე ავტომობილები მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდა და დიდი ქალაქებიდან გარეუბნებში წასვლა და დაბრუნება გაცილებით გაამარტივა.

კერძო პირების გარდა, სუბურბანულ განვითარებაში წვლილი სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებასაც მიუძღვის. მაგალითად, აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ფედერალური კანონით, გარეუბნებში სახლების ასაშენებლად დაბალპროცენტიანი სესხები და სუბსიდია გახდა ხელმისაწვდომი. 1934 წელს კონგრესმა შექმნა ფედერალური საბინაო ადმინისტრაცია, რომელმაც იპოთეკური სესხების დაზღვევის პროგრამები შეიმუშავა, რომლის ძირითადი მიზანი დიდი დეპრესიის პერიოდში დაზარალებული მოსახლეობისთვის ტვირთის შემსუბუქება იყო.

სუბურბანული განვითარების ახალი ეტაპი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული სუბურბანული დასახლება ლევითაუნი. იდეა ყოფილ ჯარისკაცს, უილიამ ლევიტს გაუჩნდა, რომელმაც დეველოპერი მამა (რომელიც იმ პერიოდისთვის საშუალო შემოსავლების მქონე ნიუ-იორკელებისთვის სახლებს აშენებდა) დაარწმუნა, რომ ინვესტიცია გარეუბნის განვითარებაში ჩაედო და სახლების აშენება ლონგ-აილენდთან ახლოს დაეწყო.

ლევიტმა საბინაო განაშენიანების ისეთი მოდელი აირჩია, სადაც უმთავრესი ხელმისაწვდომობა და მასობრივი წარმოება იქნებოდა. სწორედ ამან განსაზღვრა აშშ-ში საგარეუბნო მოდელის განვითარება. ლევითაუნის სტრატეგია შრომის მკაცრ განაწილებაზე, დროისა და ხარჯების მინიმალიზებაზე იყო აგებული. ლევიტი მიიჩნევდა, რომ მისი სამშენებლო პროცესი თანამედროვე ინდუსტრიულ საწარმოდ აქცია და როგორც ამბობდა, ისინი იყვნენ არა მშენებლები, არამედ მწარმოებლები. მან საკუთარ კომპანიას, Levitt & Sons-ს „საბინაო ინდუსტრიის General Motors“-ი უწოდა.

სუბურბანული განვითარების გამოწვევები

ბევრ ქვეყანაში სუბრურბანული განვითარების მთავარი უპირატესობად ეკოლოგიურად სუფთა გარემო მიიჩნევა, სწორედ ამიტომ ბევრგან გარეუბნები ქალაქებს ხშირად მეტროთი ან სარკინიგზო ხაზით უკავშირდება და, შესაბამისად, ამ უბნებში გამონაბოლქვის მაჩვენებელი შემცირებულია.

რაც შეეხება საქართველოს, სადაც არც მეტროს და არც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არ არის ქალაქგარეთ საკმარისად განვითარებული, ოდნავ განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციები არ ამოქმედდება, მალე წარმოიქმნება ისეთი სუბურბანული დასახლებები, როგორსაც ჯანსაღი ქალაქგანვითარების პოლიტიკა ებრძვის და მთლიანობაში ეკოლოგიურად სუფთა დასახლებების ნაცვლად მივიღებთ საცობებს არა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბნებში, არამედ ქალაქის ყველა გარეუბანთან მისასვლელ გზაზე.

საბოლოო ჯამში, სუბურბანიზაცია საქართველოში აღარ არის მხოლოდ ხმაურიანი ქალაქიდან გაქცევის მცდელობა. ეს არის ბუნებრივი ურბანული ევოლუცია, რომელიც მოქალაქეებს ახალ სტანდარტს, მეტ სიმშვიდესა და კომფორტს სთავაზობს, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად კი პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა