შვედეთის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა თურქეთის სუვერენული უფლებაა - პესკოვი
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, თურქეთის პარლამენტის მიერ NATO-ში შვედეთის გაწევრიანების მხარდაჭერა თურქეთის სუვერენული უფლებაა.
პესკოვი ამბობს, რომ თურქეთი თავად არის NATO-ს წევრი ქვეყანა, ამიტომ მას ალიანსთან "თავისი ვალდებულებები აქვს".
"ეს თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებაა. თურქეთი თავად არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ეს აბსოლუტურად აშკარა ფაქტია. მას თავისი ვალდებულებები და გარკვეული მოლაპარაკებების პროცესები აქვს ამ ალიანსის სხვა მოკავშირეებთან. ეს არის თურქეთის სუვერენული გადაწყვეტილება", - ამბობს პესკოვი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას გუშინ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ახლა უნგრეთია ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების რატიფიცირება არ მოუხდენია.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ განცხადებები რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააკეთეს. ფინეთი NATO-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, თუმცა შვედეთმა ეს უნგრეთისა და თურქეთის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო.