განახლება არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი და უკავშირდება იმ მიზნების განხორციელებას, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ როგორც გუნდს - მაკა ბოჭორიშვილი
ის განახლება, რაც დღეს ვიხილეთ ოფიციალურად, არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი და უკავშირდება იმ მიზნების განხორციელებას, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ როგორც გუნდს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„აბსოლუტურად ზედმეტია ის სპეკულაციები, რაც გვესმოდა გუნდის არაერთიანობასთან დაკავშირებით. ის განახლება, რაც დღეს ვიხილეთ ოფიციალურად, არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი და უკავშირდება იმ მიზნების განხორციელებას, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ როგორც გუნდს. ეს არის ამ ჯანსაღი პროცესის დემონსტრირება - გუნდში არის რამდენიმე კარგი ლიდერი, რომლებსაც შეუძლიათ ახალი ენერგიით და ძალით გააგრძელონ მუშაობა იმ მიზნების მისაღწევად, რაც აქვს ქვეყანას - რა თქმა უნდა, ეს არის ჯანსაღი და ამაში არაფერი სასპეკულაციო არაა. სწორედ ეს ვიხილეთ დღეს: ირაკლი კობახიძე დასახელდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ქართული ოცნების“ გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, ირაკლი კობახიძე კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.