უცნობმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის ფანჯარაში საწვავი შეასხეს და ცეცხლის გაჩენა სცადეს
"უცნობმა პირებმა, გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს და ფანჯარაში პოლიეთილენის ბოთლით საწვავიც შეასხეს", - ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ალიონი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
დღეს, დილით ქ. ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალაქის მერიის შენობაში ცეცხლის წაკიდების ფაქტი დაფიქსირდა.
ჯერ-ჯერობით გამოძიებისათვის უცნობმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის ფართში ხანძრის გაჩენის მიზნით გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს და იმავდროულად რედაქციის ფანჯარაში პოლიეთილენის ბოთლით საწვავიც შეასხეს.
საბედნიეროს ხანძრის კერა არ გავრცელდა და შენობა, სადაც სტატისტიკის გურიის სამმართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი, განათლების მუშაკთა პროფკავშირები, „გურიის მოამბის“ რედაქცია, და სხვა დაწესებულებებია განთავსებული, დაწვას გადაურჩა. მიყენებულია გარკვეული მატერიალური ზარალი.
შემთხვევის ადგილას მოვიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის, შსს ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს ექსპერტ-გამომძიებლები.
მომხდაზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, აღძრულია საქმე სსს კოდექსის 187 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ა- ქვეპუნქტით.
„ალიონის“ რედაქცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სხვა კომენტარისაგან თავს იკავებს - ვკითხულობთ ინფორმაციაში.