რუსეთი მზად არის უკრაინას გადასცეს ილ-76-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრები - რუსეთის ომბუდსმენი
რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვამ სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-ს განუცხადა, რომ კრემლი მზადაა უკრაინულ მხარეს გადასცეს ბელგოროდის რაიონში ილ-76-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრები.
მისი თქმით, უკრაინული მხარე დაინტერესებული იყო ცხედრების გადაცემით და ამ საკითხზე კონტაქტზეა კიევთან.
"ჩვენ გვაქვს დადასტურება და მთელი დნმ, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გვაძლევს იდენტიფიკაციის საშუალებას", - ამბობს მოსკალკოვა.
უკრაინულ მხარეს ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თვითმფრინავი ილ-76 24 იანვარს ბელგოროდის რაიონში ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს რომ, თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ. რუსეთი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.
უკრაინულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ სამხედრო ტყვეებს შორის გაცვლა მართლაც მზადდებოდა იმ დღეს. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილ ილ-76-ში უკრაინელი სამხედრო ტყვეები არ ყოფილან.