თეგებით ძიება

"ძალიან ბევრია დამოკიდებული ბოლო თვეებზე" - გია ნოდია მომავალ არჩევნებზე

„ამჟამინდელი მდგომარეობით, მოსალოდნელია ხელისუფლების შენარჩუნება, თუმცა ოქტომბერში ორივე სცენარის შანსი მაღალია, როოგორც ხელისუფლების შენარჩუნების ისე ოპოზიციის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის“ - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-ს პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუცხადა.

„არჩევნების წინ ზოგადად ახასიათებთ პარტიებს თავიანთი მხარდაჭერის გაზვიადება და ბაქიბუქი. ქართული ოცნების საუბარიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე ამის ნათელი მაგალითია. თუმცა პატარა პარტიებიც, რომლებიც საუბრობენ რომ მათთვის საარჩევნო ბარიერი პრობლემა არ არის ან ილუზიების ტყვეობაში არიან ან უბრალოდ იტყუებიან“-აცხადებს გია ნოდია. ის ასევე ამბობს, რომ პატარა პარტიებს არ აქვთ გარანტია, რომ დაძლევენ 5%-იან ბარიერს: „ამ ეტაპზე, არცერთ ოპოზიციურ პარტიას გარდა ნაციონალური მოძრაობისა არ აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტია. შანსი ნამდვილად აქვს 2-3 პარტიას, თუმცა გარანტია არა.

მელია-გვარამიას ერთობის რეიტინგი ჯერ არ გაზომილა, თუმცა ლელოსა და გახარიას ნამდვილად დიდი შანსი აქვთ აიღონ 5% და მეტი“-დასძენს ნოდია. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ იმავე მეთოდებს გამოიყენებს არჩევნებზე რასაც წინა არცევნებზე იყენებდა ხოლმე: „არ ვფიქრობ, რომ რაიმე თვისობრივი განსხვავება იქნება ამჯერად. არამგონია, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ახალ ეტაპზე გადავა მანიპულაციების და გაყალბებების დონე.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილი ხელისუფლებისკენაც მიდის და ნაწილი ოპოზიციისკენ იხრება. ძალიან ბევრია დამოკიდებული ბოლო თვეებზე, რომ გავიხსენოთ მაგალითად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, მაშინ მასობრივად წავიდა გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ოპოზიციისკენ. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ამჟამინდელი მდგომარეობით, მოსალოდნელია ხელისუფლების შენარჩუნება, თუმცა ოქტომბერში ორივე სცენარის შანსი მაღალია, როოგორც ხელისუფლების შენარჩუნების ისე ოპოზიციის მიერ კოალიციური მთავრობის შექმნის“, -განაცხადა გია ნოდიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა