„ეს შესაძლოა, იყოს საპატრულო ჯარიმაც“ - ვის შეიძლება ჩამოეწეროს საგადასახო დავალიანება?
საგადასახადო შეღავათებს სისტემური სახე არ უნდა ჰქონდეს, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრენიუსთან“ მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი ვახტანგ ჭარაია.
ცნობისთვის, 145 ათას ფიზიკურ პირსა და ინდ. მეწარმეს 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოეწერებათ.
როგორც ვახტანგ ჭარაია განმარტავს, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ბიზნეს სექტორისთვის მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკა. მიუხედავად ამისა, თითოეული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს რეალურ საჭიროებას. კერძოდ, საგადასახადო დავალიანება განპირობებული უნდა იყოს გაუთვალისწინებელი შემთხვევებით და ამასთანავე, პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, რამაც ჯარიმის დაკისრება გამოიწვია, უნდა იყოს გამონაკლისი.
„უნდა ეფუძნებოდეს რეალურ საჭიროებას, მაგალითად ისეთს, რომ ბიზნესსექტორს არ ძალუძს ამ თანხის გადახდა ან ჯარიმა გამოიწვია გაურკვეველმა და გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა, ან სულაც მისმა შეცდომამ. მაგრამ უშვებს არა სისტემატურად, არამედ გამონაკლისის სახით. ამ დროს სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს თავისი საგადასახადო შეღავათის დაწესების ინსტრუმენტი და ბიზნეს სექტორს ეს პოზიტიურად წაადგება“, - განაცხადა ჭარაიამ.
კითხვაზე, როგორ აისახება ფიზიკურ პირებზე საგადასახადო ჯარიმების ჩამოწერა, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ამბობს, რომ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ჯარიმებზეა საუბარი. დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს დეტალების შესახებ განმარტებები არ გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ „ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდ. მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით“. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, საუბარი იყო ნებისმიერი ტიპის ჯარიმაზე, მათ შორის საპატრულოზე.
„გააჩნია რა ტიპის ჯარიმებზეა საუბარი. ფიზიკური პირების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ჯარიმა როგორიც იყო კოვიდის დროს სახლიდან გაუსვლელობის დროს. თუ ასეთზე არ არის საუბარი, მაშინ შეიძლება პატრულის ან ნებისმიერი ტიპის ჯარმა იყოს“, - თქვა ვახტანგ ჭარაიამ.
და ბოლოს, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას არ უნდა ჰქონდეს სისტემური ხასიათი, რათა შემდგომ კონკრეტულ პირს ან ბიზნესს არ გაუჩნდეს მოლოდინი, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფო დავალიანებას ჩამოაწერს.
„ეს არ უნდა იყოს სისტემატური ხასიათის მქონე აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ხაზს ვუსვამ იმას, რომ ამან არ უნდა გააჩინოს განცდა ბიზნესსექტორში, რომ თუ ცოტა ხანი თავს აარიდებს ვალის გადახდას, სახელმწიფოს დღეს თუ არა, ხვალ მაინც დაუბრუნებენ ჯარიმას“, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.