ირან-ისრაელის კონფლიქტი - მსოფლიო ავიაინდუსტრია 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ყველაზე დიდ ქაოსშია
გლობალურ ავიაკომპანიებს ფრენებში შეფერხებები ორშაბათიდან მას შემდეგ შეექმნათ, რაც ირანის 300-ზე მეტი სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავის ისრაელზე თავდასხმებმა ევროპასა და აზიას შორის ნავიგაცია კიდევ უფრო შეზღუდა.
Reuters-ის შეფასებით, საავიაციო ინდუსტრიაში ქაოსია.
კერძოდ, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სულ მცირე, ათეულ ავიაკომპანიას რეისების გაუქმება ან მარშრუტის შეცვლა მოუწია. მათ შორის არის ავსტრალიის Qantas, გერმანული Lufthansa, United Airlines და Air India, რომლებიც ახალ ჩანართებს ხსნიან.
საჰაერო სივრცისა და აეროპორტების მონიტორინგის ჯგუფ OPSGROUP-ის დამფუძნებელ მარკ ზიმ Reuters-ს განუცხადა, რომ ეს 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შემდეგ საჰაერო მგზავრობის ყველაზე დიდი შეფერხებაა.
„მას შემდეგ ჩვენ არ გვქონია სიტუაცია, როცა ასეთი სწრაფი თანმიმდევრობით ამდენი სხვადასხვა საჰაერო სივრცე დახურულიყო და ეს ქმნის ქაოსს,“ - ამბობს ზი.
მისი ვარაუდით, შეფერხებები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ექსპერტის შეფასებით, მარშრუტიზაციის უახლესი პრობლემები არის დარტყმა ინდუსტრიისთვის, რომელიც ისრაელსა და “ჰამასს,” ასევე, რუსეთ-უკრაინას შორის ომების გამო უამრავ შეზღუდვას ისედაც აწყდება.
კერძოდ, ირანის საჰაერო სივრცეს იყენებენ ავიაკომპანიები, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის დაფრინავენ და ისინი მხოლოდ ორი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატიული მარშრუტით შემოიფარგლებიან. ეს არის თურქეთის ან ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გამოყენება.
ახლო აღმოსავლეთის მთავარმა ავიახაზებმა, მათ შორის, Emirates Airlines-მა, Qatar Airways-მა და Etihad Airways-მა კვირას განაცხადეს, რომ ზოგიერთი რეისის გაუქმების ან მარშრუტის შეცვლის შემდეგ რეგიონში ოპერირებას განაახლებენ.
დამოუკიდებელ ანალიტიკოს ბრენდან სობის შეფასებით, ჯერ უცნობია, მოახდენს თუ არა უახლესი არეულობა გავლენას მგზავრების მოთხოვნაზე, რომელიც, უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომის მიუხედავად, კვლავ ძლიერია.
„თუ პოლიტიკური ვითარებისა და კონფლიქტების ესკალაცია გაგრძელდა, მაშინ რაღაც მომენტში ხალხს მგზავრობები შეაშფოთებს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ ხდება,“ - აცხადებს სობი.
წყარო: bpn.ge