თეგებით ძიება
16. 04. 2024 მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, მაშინ ჩვენ გამარჯვების შანსი არ გვექნება

თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, მაშინ ჩვენ გამარჯვების შანსი არ გვექნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს აშშ-ის კონგრესის მიერ 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის მიღება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, უპასუხა, რომ მის გარეშე გამარჯვების შანსები არ იქნება.

„გულწრფელად გეტყვით - ამ დახმარების გარეშე ჩვენ გამარჯვების შანსი არ გვექნება, ჩვენ მტერზე ბევრად ძლიერები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუზღუდავი რაოდენობის ხალხი ჰყავს და დიდი რაოდენობით ჭურვები გააჩნია, რასაც უკრაინა უნდა დაუპირისპირდეს.

„იმედი მაქვს, რომ ისინი (აშშ-ის კონგრესში) მოგვისმენენ და გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, კვირებში მიიღებენ, მაგრამ არა ამაზე უფრო მეტხანს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტების დაყოფა „სუფთა პოლიტიკის“ ნაწილია.

უკრაინის პრეზიდენტმა PBS-ს ინტერვიუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, მაიკ ჯონსონის განცხადებამდე მისცა, რომლის მიხედვით წარმომადგენელთა პალატა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ ოთხ ცალკეულ კანონპროექტს წარადგენს.

„თუ კონგრესი ამას მიიღებს და ამ დახმარებას ყველაფრის შემდეგ, რაც უკრაინისა და ისრაელის თავს მოხდა გაყოფს, მაშინ ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ეს აშშ-ში საარჩევნო საკითხია და სუფთა პოლიტიკის ნაწილია. ახლა, როცა მთელი მსოფლიო იმაზე საუბრობს თუ, როგორ შეძლო ირანმა ისრაელზე თავდასხმა, ჩვენ ახლა მხოლოდ ისრაელს უნდა დავეხმაროთ პოპულისტურად და დავივიწყოთ ის, რაც უკრაინაში ხდება. ეს სუფთა პოლიტიკაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი იმის მანიშნებელი იქნება, რომ არავის აინტერესებს ის, თუ რამდენი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად უკრაინაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა