რატომ აპირებს "ქართული ოცნება" ე.წ. ოფშორული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებას?
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.
პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.
საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.
“საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორში) რეგისტრირებული უცხოური საწარმოების მიერ ხორციელდება, რომლებიც საქართველოში შვილობილი საწარმოების მეშვეობით საქმიანობენ, რაც მოიცავს გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას უშლის ხელს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების
გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს“, - ვკითხულობთ კანონპროექტში.
“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს.
პარლამენტარი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" გვერდზე წერს:
"ამ წუთას, მოულოდნელად, "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი შეეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს
ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდვინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად.
ელოდა სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ ქცევას. ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს".
წყარო: ambebi.ge