“დრონებს ლომბარდში აბარებენ“ - ზელენსკიმ სამხედროებს ონლაინკაზინოებში თამაში აუკრძალა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, „ინტერნეტში აზარტული თამაშების ფუნქციონირების ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის“ შესახებ, ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, საჯარისო ფორმირებების სარდლობას, ევალება დაუყოვნებლივ დააწესონ აკრძალვა სამხედროებისთვის სათამაშო ობიექტებში და ინტერნეტში აზარტული თამაშებთან წვდომაზე“, - წერია დოკუმენტში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დაავალა უკრაინის უშიშროების სამსახურს, რომ ორი თვის ვადაში აზარტული თამაშების ორგანიზატორების საქმიანობა შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ის უკრაინის სანქციების კანონმდებლობას.
2024 წლის მარტში უკრაინის პრეზიდენტის საიტზე ონლაინ პეტიცია იყო დარეგისტრირებული, რომლის ავტორი უკრაინელი სამხედრო პაველ პეტრიჩენკოა. ის წერს, რომ თამაშებზე დამოკიდებული სამხედროები ხშირად მთელ ხელფასს ონლაინ თამაშებზე და კაზინოებში ხარჯავენ, ხოლო როდესაც ფული მთავრდება, მიკროკრედიტებს იღებენ, ან ლომბარდებში დრონებს და ღამის ხედვის ხელსაწყოებს აბარებენ.