ირანზე ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელისგან არაფერი დარჩება - ირანის პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელი ირანის ტერიტორიას თუ თავს დაესხმება, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება და მისგან „აღარაფერი დარჩება“. ამის შესახებ პრეზიდენტმა პაკისტანში სამდღიანი ვიზიტისას განაცხადა.
იბრაჰიმ რაისი აფრთხილებს ისრაელს, რომ თუ ისრაელი „დაუშვებს კიდევ ერთ შეცდომას და ირანის სუვერენიტეტს დაარღვევს, ვითარება განსხვავებული იქნება“.
ცნობისთვის, ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმები 19 აპრილს განახორციელა. ინფორმაცია ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს. ამასთან, ისრაელს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ტერიტორიაზე დარტყმები პასუხი იყო სარაკეტო იერიშზე, რომელიც ირანმა ისრაელზე დამასკოში მდებარე საკონსულოს დაბომბვის გამო მიიტანა.