ეს სამართლის ენაზე ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას - ხუხაშვილი
საქართველომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი შეაჩერა. მომხდარს ექსპერტი გია ხუხაშვილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.
დღეს კობახიძემ ფაქტობრივად განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს კონსტიტუციის მოქმედებას, რაც სამართლის ენაზე ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას.
როდესაც ხელისუფალი გადის საკანონმდებლო სივრციდან, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი - დააბრუნოს ხელისუფლება მინიჭებული მანდატის ფარგლებში და თუ ეს შეუძლებელია, ჩამოაშოროს ძალაუფლებას.
მე მინდა ვუთხრა ყველა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, ელჩებს, ძალოვნებს, თუ ყველა საჯარო მოხელეს - მათი ლოიალობა ხელისუფლის ამ დირექტივის მიმართ, ნიშნავს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულში თანამონაწილეობას. დანაშაულში, საქართველოს მომავლის, მათი შვილების მომავლის წინაშე და ამ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არა აქვს - წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.