ქართველი ექიმი, რომელმაც პატარა გოგონას საკუთარი სიცოცხლე დაუთმო? - ემოციური ისტორია
“ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე” – შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი იცის ისევე, როგორც ამბავი, რომელსაც პოეტმა ბალადა მიუძღვნა. ბევრისათვის კი უცნობია ქართველი ექიმის, პროფესორ ჟორდანიას გმირობის ამბავი, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში უამრავი ადამიანი აალაპარაკა.
რა მოხდა 1962 წელს “დუგლას DC-8-33”-ის ბორტზე? – პროფესორმა ჟორდანიამ ბავშვს საკუთარი მაშველი რგოლი დაუთმო, თავად კი დაიღუპა.
ცნობილი ქართველი გინეკოლოგი და რეპროდუქტოლოგი 1962 წელს ბრაზილიიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. როგორც მისი ახლობლები ყვებიან, უცხოეთში გაფრენამდე მთელი დღე 9 წლის ვაჟიშვილთან, კირილესთან ერთად გაატარა. ბავშვს გულუბრყვილოდ უკითხავს მამისათვის – ცურვა თუ იცი? თვითმფრინავი რომ წყალში ჩავარდეს, რა გეშველება, ხომ დაიღუპებიო… შესაძლოა, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, თუმცა კირილეს სიტყვები გამართლდა.
იმ საბედისწერო დღეს, 20 ივნისს, თვითმფრინავი “დუგლასი” დაგეგმილ რეისს ასრულებდა ბუენოს-აირესიდან რიო-დე-ჟანეიროსა (გალეაოს აეროპორტი) და ლისაბონში. გალეაოს აეროპორტში მშვიდობით დაეშვა. 23 საათსა და 3 წუთზე ხომალდი ასაფრენად მოემზადა, რომ პილოტმა გამოაცხადა, პრობლემა გვაქვსო – თვითმფრინავის ცხვირი არ ტრიალებდა… პილოტი მიხვდა, რომ ხომალდი ბილიკის დარჩენილ ნაწილზე ვერ გაჩერდებოდა და მარჯვნივ გადაუხვია… შასის ბორბლები ქვიშაში ჩაეფლო, ოთხივე ძრავამ დაკარგა ეჟექტორები და მობრუნების კონუსები, რამაც თვითმფრინავი ააჩქარა – დაეჯახა აეროპორტის კედელს, გადაკვეთა მეზობელი ბილიკი და საბოლოოდ ოკეანეში ჩაეშვა.
ჯერ ნაპირთან ახლოს, 100 მეტრში დრეიფობდა, შემდეგ კი 8 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. ერთი შეხედვით, მდგომარეობა არც ისე რთული იყო, რომ ვინმე დაღუპულიყო. მიუხედავად ამისა, ავიაკატასტროფას 15 ადამიანი ემსხვერპლა – ერთი ეკიპაჟის წევრი და 14 მგზავრი… გადარჩენილი მგზავრებიდან ერთ-ერთმა, აწ გარდაცვლილმა პროფესორმა პავლე შუშანიამ საზოგადოებას იოსებ ჟორდანიას უკანასკნელი წუთების შესახებ უამბო:
“როდესაც თვითმფრინავი წყალზე გაჩერდა, მგზავრებმა (რომ არ დამძიმებულიყვნენ და წყალში არ ჩაძირულიყვნენ) ტანსაცმელი გაიხადეს და მაშველ რგოლებს ეცნენ. მე და იოსებ ჟორდანია თვითმფრინავის ფრთაზე ვიდექით. ამაოდ ვეხვეწებოდი, მომეჭიდე და ნაპირამდე გაგიყვან-მეთქი. თავი გააქნია, ასე ორივე დავიხრჩობით, სჯობს, თავს უშველოო. მან არც ცურვა იცოდა და მაშველი რგოლიც არ ჰქონდა – თვითმფრინავის სალონიდან გამოსვლამდე პატარა გოგონას მისცა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გავიგე, უბილეთო იყო და სავარაუდოდ, მაშველი რგოლიც ამიტომ არ ჰქონდა. ლაინერი თანდათან მიიწევდა ფსკერისკენ. ისღა დამრჩენოდა, მარტო გამეცურა ნაპირისკენ. ცურვა რომ სცოდნოდა და ცოტაც გაეძლო, მაშველი მასაც მიუსწრებდა”.
კატასტროფის დროს სომეხი პროფესორი აშოტ აგარონოვიც დაიღუპა. ის და ჟორდანია ერთი ასაკის, 67 წლის იყვნენ. მოხუცმა პროფესორმა, იმ იმედით, რომ მაშველი მიუსწრებდა, არჩია თვითმფრინავში, სკამზე მიბმული დალოდებოდა ბედისწერას…
სამწუხაროდ, შუშანიამ არ იცოდა გადარჩენილი გოგონას ვინაობა. თენგიზ ბოლქვაძის მოგონებებში ვკითხულობთ: “შუშანია ამბობდა, რომ ბავშვი დაახლოებით ექვსი წლის იყო. ეკიპაჟის წევრებისგან ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ გოგონა მათთვის ჩაუბარებინათ და უთქვამთ, რომ აეროპორტში დახვდებოდნენ…”
მიუხედავად შუშანიას მონათხრობისა, ჟორდანიას დაღუპვიდან მალევე, საქართველოში გამოჩენილან სკეპტიკოსები, რომლებსაც პროფესორის გმირობაში ეჭვი შეუტანიათ. ამ ამბავთან დაკავშირებით დღემდე არსებობს მითქმა-მოთქმა. ჟორდანიას გმირობით რუსი ბლოგერიც დაინტერესდა. შეეცადა, დაედგინა, მართლა გადაარჩინა ქართველმა პროფესორმა უცნობი გოგონა, თუ ეს “საბჭოთა ზღაპარი” იყო.
არჩილ ხომასურიძე იხსენებს: – “გადავწყვიტე, გავსაუბრებოდი იმ ადამიანებს, ვინც ბოლო წუთებში ჟორდანია თვითმფრინავის ბორტზე ნახა. მაშინ, 25 წლის წინ, ცოცხალი იყო სამი ქალბატონი, სამივე ცნობილი პროფესორი. მათ მიამბეს, რა გააკეთა ჟორდანიამ სიკვდილის წინ. როცა თვითმფრინავს რყევა დაუწყია, სალონში პანიკა ამტყდარა, დაბნეული ხალხი საავარიო გასასვლელს მისწყდომია. სწორედ ამ დროს ქალბატონებმა თვალი მოჰკრეს ატირებულ გოგონას, რომელსაც კამერა არ ჰქონდა და ირგვლივ მყოფთ საშველად უხმობდა… ჟორდანიამ პატარას თავისი კამერა უყოყმანოდ მისცა… იმის გამო, რომ თვითმფრინავი ნაპირთან ახლოს იყო, ამ ამბის შემსწრეთ უფიქრიათ, ალბათ, პროფესორი კარგად ცურავს და ამიტომაც დაუთმო რგოლი გოგონასო… მოგვიანებით გაიგეს, რომ ქართველი გმირი დაიხრჩო… იმ გოგონას ვერ მივაგენი, თუმცა, ქალბატონები იხსენებდნენ, რომ ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ ტურისტად ჩამოსულა მოსკოვში და ჟორდანიას საფლავს ეძებდაო… ქალბატონებს არ ახსოვდათ მისი სახელი და გვარი…
ვინც იოსებ ჟორდანიას ცხოვრებას იცნობდა, არასდროს შეეპარებოდა ეჭვი პროფესორის გმირობაში. ის იყო ექიმი, რომელმაც ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობას არა მხოლოდ მთელი სიცოცხლე, სიკვდილიც კი მიუძღვნა. სამწუხაროა, რომ მისი ხსოვნის შებღალვა ჯერ საქართველოში სცადეს და შემდეგ რუსებმა განაგრძეს. ვიღაცამ ვერ აიტანა, რომ მაშველი რგოლი პროფესორის გმირობის შარავანდედად იქცა…“