„დაელოდეთ, თავად როდის დატოვებენ ბინას, არ უნდა მოხდეს დამქირავებლის ძალისმიერი გზით გასახლება“ - რა უნდა გააკეთოთ თუ დამქირავებელი ქირას არ გიხდით
"დაელოდეთ, თავად როდის დატოვებენ ბინას, არ უნდა მოხდეს დამქირავებლების ძალისმიერი გზით გასახლება,“ - ამის შესახებ ადვოკატმა თამთა გელაშვილმა „პალიტრავიდეოსთან“ თაღლითი მდგმურების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მოგეხსენებათ, საქართველოში ბინის გაქირავების ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება არაკეთილსინდისიერი დამქირავებლების საკითხი. კვლავაც ხშირია შემთხვევები, როდესაც დამქირავებელი მესაკუთრეს ქირის საფასურს არ უხდის და არც საკუთრებას ტოვებს.
როგორ უნდა მოიქცეს ბინის მესაკუთრე იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი ქირას არ უხდის და არც ბინას ტოვებს?
„ერთადერთი, რაც შეიძლება ბინის მესაკუთრეებმა გაითვალისწინონ, არის ის, რომ ხელოვნურად არ შექმნან ბინაში მყოფი ადამიანების გასახლება.
არაკეთილსინდისიერი მდგმურები საქართველოში - გასახლების წესები და რისკები
დაელოდონ, ისინი თავად როდის დატოვებენ ბინას, შევიდნენ, მოახდინონ ვიდეოგადაღება ან კერძო დაცვის თანამშრომელი დაიქირაონ, რომელიც მოახდენს ამ ყველაფრის აღბეჭდვას, რათა არ მოხდეს ცრუ ბრალდებების წაყენება დამქირავებლის მხრიდან. მაგალითად, რომ მას ბინაში ჰქონდა ძვირფასეულობა და მოხდა ამ ნივთების დაზიანება.
შემდეგ ბინის მესაკუთრემ გაიტანოს ეს ნივთები გარეთ და შეატყობინოს დამქირავებელს, რომ მიხედოს მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იხსნიან პასუხისმგებლობას.
შესაბამისად, ისე, რომ არ დაზიანდეს მათი უძრავი ქონება, უნდა მოხდეს დამქირავებლის გასახლება და შემდგომ აუცილებელია, შეიცვალოს ბინის საკეტი,“ - განაცხადა ადვოკატმა თამთა გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არაკეთილსინდისიერ მდგმურებთან დაკავშირებით, 2011 წლიდან შეიცვალა კანონი, რომლის თანახმადაც ბინის მეპატრონეს, რომელიც დახმარებისთვის პოლიციას მიმართავს, სასამართლოში ამისამართებენ, სადაც საქმის განხილვა შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს.