თეგებით ძიება

2024 - ყველაზე საშიში წელი თანამედრვე ქართული სახელმწიფოსთვის - რას უნდა ველოდოთ?

2024 წელი არაერთი მიზეზით არის გარდამტეხი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში, წელიწადს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით შევხვდით, 26 მარტს დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ ფეხბურთში, ხოლო აპრილში მმართველმა პარტიამ "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირება მოახდინა, რასაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის დაწყება მოჰყვა. პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სრულად პროპორციული სისტემით ოქტომბერში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან უპრეცენდენტო დაპირისპირების ფონზე, შეეცდება მეოთხე ვადით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება (რაც ასევე პირველად ხდება).

2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" უკან წაიღო სადავო კანონპროექტი და პირობა დადო, რომ მას აღარ განიხილავდა. როგორც ჩანს მმართველმა პარტიამ მოგვიანებით ჩათვალა, რომ დასუსტებული ოპოზიციის, პოლიტიკურად მოდენებული საზოგადოების და ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საკმაოდ ძლიერ პოზიციაზე მყოფი, ადვილად მიიღებდა ერთხელ უკვე გაწვეულ კანონს. 3 აპრილს, როდესაც რეინიცირების შესახებ განცხადება გაკეთდა, მმართველი ძალა კარგად იყო მომზადებული. ის ვერ ინელებდა სასტიკ მარცხს საზოგადოებასთან. ამჯერად თვლიდა, რომ პროტესტი ნაკლებად იქნებოდა, საერთაშორისო საზოგადოებაც ზედმეტად მკაცრი არ იქნებოდა კანდიდატი ქვეყნის მიმართ და ძლიერი პროპაგანდისტული კამპანიით ყველა წინააღმდეგობას გადალახავდა. ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ ასეთი დაჟინება ამ სადაო კანონპროექტზე პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა, რომელიც წლებია ქვეყნის არაფორმალური მართველია. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი რუსეთისგან იღებს დირექტივებს და მასთან კავშირით ძალაუფლებისა და ქონების უსაფრთხოებას იღებს. ნაწილიც თვლის, რომ ეს უბრალოდ ავტორიტრული მმართველობისთვის საჭირო ნაბიჯია, რომელიც შესაძლოა თანხვედრაშია რუსეთის ინტერესებთან. ივანიშვილს ნაკლებად ადარდებს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, მას ძალაუფლება ადარდებს. ხოლო მხარდამჭერების შემცირებისა და დასავლეთიდან დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნის აუცილებლობიდან გამომდინარე, მას საფრთხე ექმნება და საჭიროა თანამშრომლობა რუსეთთან. ისეთ სტრატეგიულ ადგილას, როგორშიც საქართველოა დასავლეთი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს ავტორიტარული რეჟიმის ფორმირებას. ამას ხვდება ივანიშვილიც და მას მოკავშირე სჭირდება, რისთვისად არადემოკრატიულ სამყაროში მეგობრებს ეძებს.

ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, ადგილობრივმა თუ უცხოურმა ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა კანონი დაგმეს, დადებითი შეფასება მან მხოლოდ რუსეთისგან მიიღო. კანონის სულისკვეთებაა ებრძოლოს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოახდინოს მათი დისკრედიტაცია, მათი წევრების სტიგმატიზება. კანონი ერთ პერიოდში დარეგისტრირდა საქართველოში, აფხაზეთსა და ყირგიზეთში. ფინანსურ სამსახურს ქვეყანაში ყველა მოქმედ ორგანიზაციაზე აქვს ინფორმაცია, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ფინანსურ გაუმჭირვალობას (ეს სამსახური ამისთვისაა). გარდა ამისა, თუ უფრო მეტი გამჭირვალობა სურდა "ოცნებას" მას შეეძლო უკვე არსებულ ადმინისტრაციულ კოდექსში შეეტანა ცვლილებები (არსებობს არაერთი კანონი: არასამთავრობოების შესახებ, გრანტების შესახებ, ლობიზმის შესახებ და ა.შ.). კანონის მერვე მუხლი ითვალისწინებს პრაქტიკულად დასმენის მექანიზმს, რომლის წყალობითაც მარტივად შეუძლია ხელისუფლებას უსაფუძვლოდ ნებისმიერი კრიტიკული ორგანიზაციის მუშაობა შეაჩეროს, მოიპოვოს/დაამუშავოს თანამშრომელთა და ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები. კანონი ითვალისწინებს 25,000 ლარიან სანქციას, ვინც უარს იტყვის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარათ ანუ აგენტად რეგისტრაციაზე (ასევე იძულებით რეგისტრაციას). სრულიად არალეგიტიმური და დაუსაბუთებელია, რატომაა 20%-იანი დაფინანსების ნიშნული იმის წინაპირობა, რომ ორგანიზაცია აუცილებლად უცხოეთის გავლენის გამტარია და დაუშვათ რომელიც 19%-ს იღებს არაა. შეზღუდვა არ ეხებათ სამთავრობო ორგანიზაციებს. საქართველოში რუსეთს არ ჰყავს თავისი ორგანიზაციები, გამოდის კანონი მიმართულია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ. კანონს არ აქვს ჩამკეტი მექანიზმები, რითაც განსხვავდება იგი დასავლური კანონებისგან. მას თან არ ერთვის მტრული ქვეყნების სია და არაა გამიჯნული დაფინანსების წყარო უცხო ქვეყნის სახელმწიფოა თუ უბრალოდ ფონდი. ამიტომაა ის რუსული სტილის.

აპრილის შუა რიცხვებიდან ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, რომელთა ბირთვს ახალგაზრდები შეადგენენ. ეროვნული მოძრაობის შემდეგ ახალგაზრდების ასეთი მაღალი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში არასდროს ყოფილა. 28 აპრილს პროტესტმა პიკს მიაღწია და ე.წ. ევროპულ მარში თბილისში 100,000-მდე დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა. სამართალდამცველები რამდენჯერმე არაპროპორციული ძალით დაუპირისპირდნენ დემონსტრანტებს. 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქცია მოაწყო, რუსტაველის გამზირზე ათიატასობით საჯარო მოხელე და პარტაქტივი შეკრიბა. მისი სიტყვით გამოსვლა, შოკური იყო და გაჟღენთილი იყო კონსპირაციებითა და ანტი-დასავლური რიტორიკით. პრაქტიკულად 29 აპრილს ივანიშვილმა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების ღია მანიფესტაცია მოახდინა და დაანონსა ხისტი ნაბიჯები მოწინაღმდეგეების მიმართ. დასავლეთი, რომელსაც ბოლო 10 წლის მანძილზე, ყველა გამოკითხვით მოსახლეობის დაახლოებით 80%-ში მარალი ნდობა აქვს და კონსტიტუციის 78-ე მუხლით მთავრობა ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს მისთან ინტეგრაციისთვის - ივანიშვილმა ფაქტობრივად მტრად გამოაცხადა. მისი გამოსვლა საკმაოდ არათანმიმდევრული იყო, რაზეც ისიც მეტყველებს რომ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას დაჰპირდა ხალხს, იმ ევროკავშირის რომელიც მტრად მიიჩნია.

ივანიშვილი, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხეა და მისი გასტუმრება ეროვნული ამოცანაა, ამაზე ნელ-ნელა საზოგადოებაში კონსენსუსი ყალიბდება. ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრად არჩევისა და განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბოლო 2-3 წელია ხელისუფლება აშკარად პრორუსულია, რითაც ღალატობს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მმართველი პარტია აპირებს რუსული კანონი მიიღოს, მიუხედავად წნეხისა და იმედი აქვს, რომ სიტუაციას გადააგორებს. ვფიქრობ აქ ცდება. როცა კანონს მესამე მოსმენითაც მხარს აუჭერენ და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ - დასავლეთი უფრო მკაცრი გახდება. საპროტესტო ელექტორატი კი კიდევ უფრო განრისხდება. თავიდან იქნება პერსონალური სანქციები, რომელიც უფრო გამკაცრდება. თუ ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემონსტრანტებზე ძალადობას და რეპრესიებს შეეცდება, ამას შესაძლოა სამოქალაქო არეულობა მოჰყვეს და ოქტომბერს ძლიერ შერყეული ხელისუფლება, რევოლუციურ ატმოსფეროში შეხვდეს. საქართველო პატარა ქვეყანა, რომელიც დიქტატურისთვის თვითკმარი ვერ იქნება. თუ ივანიშვილს ეს სურს, იგი რუსეთს ღიად და სრულად უნდა მიებას, რასაც რასაკვირველია საყოველთაო მიუღებლობა ექნება (მათ შორის ძალოვნებს შიგნით). რუსეთსა და დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროს შორის ამ ტიპის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ის ვერ ითამაშებს მარტივად რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს ქეყნისთვისაც და პირადად მისთვისაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. რუსული კანონის რეინიცირებამდე ოპოზიცია სრულიად დეზორგანიზებული, ხოლო საზოგადოება მიძინებული იყო. ბოლო დროის მღელვარებამ ხალხს (მათ შორის ოცნების მხარდამჭერებს სიტუაციის სიმძაფრე დაანახა). აპრილამდე ხელისუფლებას მაღალი შანსი ჰქონდა არჩევნებზე 45%-ის ფარგლებში მიეღო, ე.წ.  მესამე ოპოზიციური ძალები 5%-იანი ბარიერის მიღმა დაეტოვებინა და პარლამენტში მომდევნო 4 წელი მხოლოდ დასუსტებულ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გაეტარებინა. მაგრამ მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ვერ გათვალა რა ქართველი ხალხის წინააღმდეგობა და ახალგაზრდების ცართულობის მასშტაბი. რადიკალური განწყობები ამომრჩეველში მობილიზდა, აპოლიტიკური ხალხი კი ძალაუნებურად ჩაერთო პოლიტიკაში. ოპოზიცია დრაივში მოვიდა. ხელისუფლებამ ფსონი პრორუსს, რეტროგრად ხალხზე დადო, რომლებიც ძირითადად რეგიონებში ცხოვრობენ და ასაკინ ფენას მიეკუთვნებიან. ბოლო წლების არჩევნები/გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ამ ტიპის ამომრჩეველთა ელექტორალური რესურსი 20%-ს არ აღემატება. ცხადია მხოლოდ მათ არ ეყრდნობა ხელისუფლება. შედარებით სუსტად, თუმცა მაინც მუშაობს მშვიდობისმყოფლისა და სააკაშვილის წინაარმდეგ მებრძოლი ძალის იმიჯი. რეალური მხარდაჭერა დღეს "ქართული ოცნებისა" 30%-მდეა. ამას დაემატება ადმ. რესურსის ბოროტად გამოყენება, ზეწოლა, მოსყიდვა, გაყალბებები. დიდი ალბათობით, თუ პოლიტიკური სიტუაცია ასე გაგრძელდა "ქართულ ოცნებას" მანიპულაციებითაც კი გაუჭირდება 40%-ზე გადაბიჯება. რასაკვირველია თუ ტოტალურ გაყალბებაზე არ წავიდა. თბილისა და სხვა დიდ ქალაქებში მისი შედეგი 35%-ის ფარგლებში იქნება. ეს არაა საკმარისი უმრავლესობის მოპოვებისტვის პარლამენტში (76 მანდატი), თუ ბარიერ გადაულახავთა ჯამი ძალიან დიდი არ იქნა (მაგალითად 15% და მეტი). 5%-იანი ბარიერი ოპოზიციისთვის დიდი პრობლემაა. აუილებელია გამსხვილდეს პატარა პარტიები და სწორი კონფიგურაციით წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე. ნაციოალური მოძრაობა 20%-მდე ხმების მირების რესურსი აქვს. მელია/გვარამიას გაერთიანება "ახალი", როგორც კვლევები აჩვენებს საკმაოდ პერსპექტიულია. თუ მასაც  დაემატება ახალი და ცნობილი სახეები აქვს შანსი 10-15% აიღოს. სიახლეები სჭირდება გახარიას პარტია საქართველოსაც, რომელმაც 5%-იანი ბარიერის დაძლევა უნდა შეძლოს. მარალი პოტენციალი აქვს ლელოსაც, რომელიც თუ გამსხვილდა და დაიმატა მაგალითად ელისაშვილის და ანა დოლიძის ძალები, შეძლებს 7-8%-ს მიღებას. 

თუ არჩევნებზე დაბალი აქტივობა იქნება, ხელისუფლების პროპაგანდა გაჭრის და ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდება ივანიშვილი შეძლებს ერთპიროვნული ძალაუფლების შენარჩუნებას. მნიშვნელოვანია პროტესტი არ გაილიოს და ფრუსტრაციამ არ დაისადგუროს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია ზაფხულში პოლირიკური პროცესები დაპაუზდება, ის საპროტესტო მუხტი უნდა კონვერტირდეს არჩევნებზე. საჭირო იქნება ძლიერი წინასაარჩევნო კამპანია. ძალაულების შენარჩუნების შემთხვევაში ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება ძლიერი ავტორიტარული რეჟიმი ჩააბეტონოს ქვეყანაში, განდევნოს განსხვავებული აზრი და ტოტალური კონტროლი განამტკიცოს ყველა სფეროზე. მომდევნო წლები ამ შემთხვევაში უმძიმესი იქნება, რათქმაუნდა დიდი ხნით დაიხურება ევროკავშირისკენ მიმავალი გზა, რომელიც 2030 წელს გაფართოებას გეგმავს და უნიკალურ შანსს გვაძლევს. ეს იქნება ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიის მარცხი, უფრო დრამატული ვიდრე დსთ-ში გაწევრიანება 1994 წელს. რუსული გავლენებითა და საერთაშორისო იზოლაციით ქვეყანას პერსპექტივა მოუკვდება, რაც ხანგრძლივ დეპრესიასა და ნიჰილიზმს გამიწევევს ხალხში. ხელისუფლლების ცვლილება კი მხოლოდ მძიმე რევოლუციური ცვლილებებით იქნება შესაძლებელია, რომელიც რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოვებას შეიძლება მოჰყვეს. ეს საშიში და დრამატული მოდელია. ამ ყველაფრის თავიდან აცილება კი 2.1 მლნ. არჩევნებზე მისულ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც სწორ არჩევანს გააკეთებს.

დაე, "აირჩიე ქართველო ერო!"

- სტატიაში გამოთქმული პოზიციები ეკუთვნის ავტორს.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა