ბლოგერისა და აქტივისტის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა
ანტირუსული პროტესტის მონაწილის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია იმყოფება. მას, სავარაუდოდ, არავისთან კონტაქტის საშუალებას არ აძლევენ.
აბაშიძის ტელეფონი გამორთულია. მის სახლთან მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან.
“ნახევარი საათის წინ ვურეკავდი, უნდა მენახა და რას შვრები-მეთქი, უნდა მეკითხა, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ მის სახლში არიან შესულები. ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას არ მისცეს. სადარბაზოში არ გვიშვებენ. გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს. სხვა არაფერი ვიცით. ვცდილობ, რომ ადვოკატი გამომძიებელს მაინც დავაკავშირო”, – ამბობს უჩა აბაშიძის ძმა, გოგი აბაშიძე.
7-8 მაისს განხორციელდა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეებთან.
8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმის ფაქტები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.
9 მაისს დილით შსს-მ განაცხადა, რომ აქციებზე 6 პირი დააკავა სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, თუმცა უწყებას სიტყვა არ უთქვამს წინა ღამით ნაცემი ადამიანების შესახებ, რასაც წინ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები უძღოდა.
„ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყების დღიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში.
ამდენივე ხანია, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
კვირების მანძილზე ქუჩებში გამოსული ათი ათასობით ადამიანის საპირწონედ, ხელისუფლებამ 29 აპრილს მოაწყო კონტრაქცია, სადაც მთელი საქართველოდან მოახდინა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მობილიზება.
“ქართულმა ოცნებამ” ასევე დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, სადაც შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი მტკიცებით, “ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.