„ადამიანი, რომლის ღვაწლი მსოფლიომ აღიარა, დღეს მხოლოდ მეზობლების იმედად არის დარჩენილი“ - როგორ ცხოვრობს უხუცესი მეცნიერი, რომელსაც ამერიკამ წლის ქალის წოდება მიანიჭა
საქართველოს უხუცესი მეცნიერი, რომელიც „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში შეიყვანეს და 1998 და 2003 წლებში აშშ ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა, დღეს სრულიად მარტოა და მეზობლები უვლიან. ამ დაუჯერებელი ისტორიის შესახებ TIA.GE-ს „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი, თამარ დადიანი ესაუბრა.
- მინდა თქვენს მკითხველს ორი ადამიანის შესახებ ვუამბო, რომლებსაც ახლა სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის დახმარება სჭირდებათ. ერთია ქალბატონი, რომელსაც მთელი საქართველო და მსოფლიო იცნობს. ის მეცნიერი, გეოგრაფი, გეოლოგი, კარსტოლოგი, ჰიდროლოგი, ჰირო-გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 13200 ექსპერიმენტის ავტორი და ქვეყანაში ბუნებრივი წიაღისეულის ერთადერთი სპეციალისტი ელენე აბაშიძეა, რომელიც თებერვალში 103 წლის გახდა. ქალბატონი ელენე ჭიათურაში დაბადებული და გაზრდილი, რეპრესირებული ოჯახის შვილია. ერთადერთი შვილი 6 წლის ასაკში გარდაეცვალა და მთელი ცხოვრება ამ ჯვარს ზიდავს. ქალბატონ ელენეს სამეცნიერო საქმიანობის და მიღწევების შესახებ ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, ამიტომ ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ პროფესიონალიზმის გამო უამრავი ქვეყნიდან ეპატიჟებოდნენ, მაგრამ მან სამშობლოში დარჩენა არჩია. ორი წლის წინ თავადაზნაურთა საკრებულომ, რომლის წევრიც ქალბატონი ელენე გახლავთ, 100 წლის იუბილე გადაუხადა. მალევე ჭიათურის მერიამ ჭიათურის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ქალბატონი ელენე ყოველთვიურად, 1000 ლარიან დახმარებას იღებს, მაგრამ ახლა სხვა პრობლემა შეიქმნა და ამ ადამიანს სახელმწიფოსგან მეტი ყურადღება სჭირდება.
- კონკრეტულად, რა სახის დახმარებას გულისხმობთ?
- როგორც გითხარით, ქალბატონი ელენე მარტოხელაა. სულ ახლახან, რამდენჯერმე წაიქცა და ტრამვა მიიღო. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მენჯის ძვალი გაუტყდა. ამის მიუხედავად, იმდენად ძლიერი ორგანიზმი ჰქონია, რომ ფეხზე ადგა და ყავარჯნებით გავლა შეძლო. ამის შემდეგ ნათესავმა კართან დავარდნილი ნახა.
- მომვლელის აყვანა არ უცდია?
- მომვლელი ჰყავდა, მაგრამ რაღაც არ მოეწონა და დაითხოვა და ამ დროისთვის მეზობლების იმედზეა დარჩენილი. მე მაინტერესებს სახელმწიფო რას აკეთებს, რომ ასეთ დამსახურებულ ადამიანს ცხოვრება შეუმსუბუქოს? თუნდაც მეცნიერებათა აკადემიამ ხომ შეიძლება ყურადღება გამოიჩინოს და ერთხელ მაინც მოიკითხოს? მოკითხვა და სტუმრობა ხომ ადვილია? ასეა თუ ისე, ადამიანი, რომლის ღვაწლი მსოფლიომ აღიარა, დღეს მხოლოდ მეზობლების იმედად არის, რაც ძალიან სამწუხაროა.. მეორე შემთხვევა კიდევ უფრო მძიმეა. ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელი ბზვანში ცხოვრობს 78 წლის მურად სურგულაძე. ბატონი მურადი თაობების აღმზრდელი პედაგოგია, რომლსაც მეუღლე დიდი ხნის წინ დაეღუპა - ექიმი ქალი თბილისში, ხანძარს შეეწირა. ბატონ მურადს ონკოლოგიური დაავადება აქვს და მისი ორივე შვილი შშმ პირია. გოგონა, ელენე პირველლი ჯგუფის ინვალიდია. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მაგრამ რაღაცაზე ინერვიულა და წელს ქვემოთ მოწყდა. მედიცინამ ვერაფერი უშველა და დღემდე მწოლიარე ავადმყოფია. მისი ძმა ავარიაში მოჰყვა და ყავარჯნებით გადაადგილდება. წარმოიდგინეთ, ოჯახის ერთი წევრი ონკოპაციენტია, ორი - შშმ პირი და ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს თავზე აწვიმთ და ათოვთ
_ თავზე რატომ აწვიმთ და ათოვთ?
_ ეკომიგრანტები არიან. ფოტოები და ვიდეოებია გადაღებული, რომ სახლი მთლიანად დანგრეულია. მუნიციპალიტეტს რაც შეეძლო, ყველაფრით დაეხმარა, მაგრამ რეგიონებს სახლის აღდგენის ფული არ აქვთ. კედლები სახურავი, ყველაფერი დაშლილია. ამ ოჯახის ტკივილი გულთან ახლოს მიიტანა პრეზიდენტის შშმ საკითხებზე მრჩეველმა, ბატონმა სიმონ პეტრიდისმა. ის ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდება ყველა საკითხს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ოჯახს დაეხმაროს.
_ ოჯახს ალტერნატიული ფართი არ შესთავაზეს?
_ ოჯახს სახლის შესაძენად 30 000 ლარი გამოუყვეს, მაგრამ ამ ფასად სახლის ნახვა ადვილი არაა. ეძება ამ ადამიანმა, რაღაც იპოვა, მაგრამ შეძენა სხვადასხვა მიზეზებით ჭიანურდება. წელიწადია ვიბრძვით, მაგრამ შედეგი ნულია. ამასობაში ბატონი მურადის მდგომარეობა დამძიმდა და კლინიკაში გადაიყვანეს, მის ჯანმრთელობაშერყეულ შვილებს კი თავზე ათოვთ და აწვიმთ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს ამ საკითხზე სულ მცირე, 10 რეაგირება აქვს გაკეთებული, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. ახლა ბრძოლა მიდის იმისთვის, რომ კომისია ჩავიდეს, ეს დანგრეული სახლი კიდევ ერთხელ შეამოწმოს და ახალი სახლის შესაძენი თანხა გამოყოს. არ მეგონა, თუ ეს ამ საქმის ბოლომდე მიყვანას ამდენი ბრძოლა დასჭირდებოდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
რედაქცია თვალს მიადევნებს როგორ განვითარდება მოვლენები მურად სურგულაძისა და მისი შვილების გარშემო და ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით.