თემურ კარბაიას საქმეზე დაკავებული 2 ე.წ. მილიციელი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელობის საქმეზე გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ე.წ. მილიციის ორ თანამშრომელს ჯარიმის გადახდა დააკისრა.
გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ე.წ. მილიციის ორი თანამშრომლის - ალბერტ ზარაკუასა და ვიანორ აბშილავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების განხილვა დაასრულა.
მათ ბრალად ედებათ თემურ კარბაიას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა თემურ კარბაიაზე ფიზიკურად იძალადეს, "ხელებით და ფეხებით მიაყენეს დარტყმები სხეულის სხვადასხვა არეში, ამას შედეგად მოჰყვა გულმკერდის დახურული ტრავმა, მეშვიდე, მერვე და მეცხრე ნეკნების ჩამტვრევა, სისხლჩაქცევები მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე".
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ გაამართლა ბრალდებულები საგამოძიებო ორგანოს მიერ წარდგენილ ბრალდებებში, გადააკვალიფიცირა მუხლი დაუდევრობად და მათ ჯარიმის სახით - 50 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა. ამასთან, სასამართლომ მათ 1 წლის ვადით აუკრძალა გარკვეული თანამდებობების დაკავება და გარკვეული საქმიანობის წარმართვა.
ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი კაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
თემურ კარბაია გალში 16 დეკემბერს დაკრძალეს. მოძრაობა აფხაზეთისთვის ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა 15 დეკემბერს ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის ცემის შედეგად დაიღუპა.