მედია - ჯო ბაიდენმა კიევს ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება ფარულად მისცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევს ფარულად დართო ნება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოიყენოს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოთხმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომლებმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.
Reuters-ი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება აღნიშნავს ბაიდენის პოლიტიკის ცვლილებას, რომელიც მტკიცე უარს ეუბნებოდა უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაზე. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ რუსეთში, ხარკოვის ოლქის საზღვართან მდებარე სამიზნეებს.
"პრეზიდენტმა ახლახან უბრძანა თავის გუნდს, უზრუნველყოს, რომ უკრაინას შეეძლოს გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ხარკოვის ოლქში საპასუხო ცეცხლის წარმოების მიზნით, რათა უკრაინამ შეძლოს უპასუხოს რუსეთის ძალებს, რომლებიც მათ ესხმიან ან ემზადებიან მათზე თავდასხმისთვის", - აღნიშნა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.