განცხადება კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, არის არადემოკრატიული ქცევა - შალვა პაპუაშვილი
ხვალინდელი დღიდან 60 დღის ვადაში, იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის და 60 დღის შემდეგ უკვე დადგება ვალდებულება იმ ორგანიზაციების, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება, დარეგისტრირდნენ ამ პორტალში და დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები, - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
"რაც შეეხება განცხადებას, კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, არადემოკრატიული ქცევაა და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება მათივე დეკლარირებულ პრინციპებს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ. კანონი მიღებულია. ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი და ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება თუ არ მოხდება დეკლარირება. როდესაც ვისმენთ ზოგიერთი არასამთავრობოს განცხადებას, კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, ყველას მოგიწოდებთ, ჰკითხოთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ მათ კანონის ტექსტი არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პროაქტიულად იყვნენ გამჭვირვალე ხალხის მიმართ. თავად რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.