თეგებით ძიება

ექვსი პლანეტა ცაში ერთ ხაზზე - დღეს უმშვენიერესი სანახაობა გველის

დედამიწის ცაში მზის სისტემის ექვსი პლანეტა იშვიათი სანახაობის შექმნისთვის ემზადება.

2024 წლის 3-4 ივნისს, სულ რამდენიმე საათით, მერკური, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი და ურანი ცაზე ერთ ხაზზე გამოჩნდება, რასაც პლანეტების აღლუმს უწოდებენ. სანახაობას მხოლოდ ვენერა დააკლდება — აღლუმს ახალი მთვარეც კი შეუერთდება.

ცაში ერთდროულად რამდენიმე პლანეტის გამოჩენა სულაც არაა იშვიათი, მაგრამ ნამდვილად იშვიათია მათი ერთ ხაზზე განლაგება. სამზე მეტმა პლანეტამ უკვე შეიძლება წარმოქმნას ასეთი მწკრივი. 5-6 პლანეტის ერთ ხაზზე განლაგებას დიდ ჩამწკრივებას უწოდებენ, თუმცა, 5-პლანეტიანი ჩამწკრივება გაცილებით ხშირია, ვიდრე ექვსიანი.

სინამდვილეში, პლანეტების ასე ჩამწკრივება კოსმოსში რეალურად არ ხდება, უბრალოდ, დედამიწიდან მოჩანს ასე. პლანეტური ჩამწკრივების მიზეზი ისაა, რომ მზის სისტემაში ყველა პლანეტა მზის გარშემო მოძრაობს მეტნაკლებად ბრტყელ სიბრტყეზე, რომელსაც ეკლიპტიკას უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პლანეტა ამ სიბრტყის ოდნავ მაღლა ან დაბლაა, ისინი მაინც თითქმის ერთ სიბრტყეზე არიან.

ამის მიზეზი ვარსკვლავის, მათ შორის ჩვენი მზის წარმოქმნის გზაა. მატერიის ღრუბელში დაბადებული ჩვილი ვარსკვლავი ბრუნვას იწყებს; მის გარშემო არსებული ღრუბელი დისკოს ფორმაზე ბრტყელდება და თანდათან ახლად დაბადებულ ვარსკვლავში ჩაედინება. პლანეტები სწორედ ამ დისკოს ნარჩენი მასალისგან წარმოიქმნება, თუკი საერთოდ დარჩა რამე და სწორედ მის დონეზე განლაგდებიან.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხანდახან, მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისას, პლანეტები მზის ერთსა და იმავე მხარეს ექცევიან, შესაბამისად, ცაზე მათ ერთდროულად ვხედავთ. ისინი სწორ ხაზზე იმიტომ ჩანან, რომ ყველა მათგანი ეკლიპტიკაზეა.

სწორედ ასე მოხდება ივნისის დასაწყისში, მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. დასანახად შეიძლება გარკვეული ხელსაწყოები დაგჭირდეთ. მერკური, მარსი და იუპიტერი საკმაოდ კაშკაშა იქნება და შეუიარაღებელი თვალითაც დაინახავთ, მაგრამ ურანი და ნეპტუნი მზისგან ზედმეტად შორსაა და მკრთალები არიან; შესაბამისად, მათ დასანახად ბინოკლი ან ტელესკოპი დაგჭირდებათ.

ზოგიერთი პლანეტა მომდევნო თვეებშიც ჩამწკრივდება. 2024 წლის 28 აგვისტოს და 2025 წლის 18 იანვარს ასევე ექვსპლანეტიან ჩამწკრივებას ვიხილავთ.

თუმცა, ნამდვილად გამორჩეული იქნება 2025 წლის 28 თებერვალი, როცა ცაში შვიდივე პლანეტა ჩამწკრივდება.

როგორ დავინახოთ

პლანეტების ჩამწკრივება მსოფლიოს უმეტესი ნაწილიდან 3 ივნისს გამოჩნდება. რა დროს და რა მიმდევრობით, ეს თქვენს ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. კონკრეტული დრო და ცაში ადგილმდებარეობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სპეციალურ ხელსაწყოებში.

მაგალითად, პორტალ Time and Date-ს აქვს ინტერაქტიული ხელსაწყო, სადაც ამ ყველაფერს ნახავთ თქვენთვის სასურველი ადგილისთვის. ასეთივე ხელსაწყო აქვს Stellarium-საც.

უფასო მობილური აპლიკაცია Sky Tonight თქვენი ტელეფონის საფუძველზე ადგეს თქვენს ადგილმდებარეობას და ცაზე ობიექტთა განლაგებას რეალურ დროში გიჩვენებთ. არის სხვა კარგი ვარიანტებიც.

საქართველოს პირველი არხი/მეცნიერება


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა