„რატომ არის პრეზიდენტის გეგმა გონივრული?“ - რას წერს ვახუშტი მენაბდე?
კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს:
„რატომ არის პრეზიდენტის გეგმა გონივრული?
“ქართული ქარტიის” მიხედვით არჩევნებში ოცნების დამარცხების შემთხვევაში ერთი წლის თავზე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, რომელის მომზადებასაც უზრუნველყოფს დროებითი მთავრობა.
ბევრი კრიტიკაა, მაგრამ ძირითადად ამაში კონცენტრირდება: თუ ოცნება მარცხდება რა საჭიროა ახალი არჩევნები?
საქმე ის არის, რომ 2024 წლის არჩევნები, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის სამართლიანი ვერ იქნება.
არადა ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ისაა, პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდეს?!
რატომ ვერ იქნება 2024 წლის არჩევნების შედეგები სამართლიანი?
1. ხელისუფლება საკუთარ ორგანულ მხარდაჭერას ამატებს ადმინისტრაციულ რესურსს (ბიუჯეტი, სახელმწიფოს და პარტიას შორის ზღვრის წაშლა, საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა და ა.შ), რაც: ა. მის მხარდაჭერას არაბუნებრივად ზრდის; ბ. ამ ადამიანებს ართმევს შესაძლებლობას მათთვის სასურველ პარტიებს დაუჭირონ მხარი;
2. ხელისუფლება აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართალდამცავი სტრუქტურები პოლიტიზებულია. რის გამოც ძალადობა, საარჩევნო დარღვევები და მსგავსი ქმედებები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. შედეგად არჩევნები არ არის იმ ხარისხით თავისუფალი რაც უნდა იყოს;
3. შიში, დაძაბულობა, არაბუნებრივი გარემო და საგანგებო მობილიზაციის პირობებში ჩატარებული არჩევნები ამომრჩევლის ქცევას ცვლის და არჩეული პარლამენტი ვერ ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს ადეკვატურად;
4. საარჩევნო ბარიერი მაღალია, რის გამოც ბევრი ან სასურველ არჩევანზე იტყვის უარს, ან მისი ხმა საპარლამენტო მანდატების განაწილებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ორივე შემთხვევაში დამახინჯდება ამომრჩევლის რეალური ნება.
როგორც ხედავთ, არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობითობას 2024 წელს საფრთხეს უქმნის. ქარტიის იდეაა, რომ ეს ფაქტორები მოხსნას.
მე ქარტიის ყველა დებულებას არ ვიზიარებ, მაგრამ ეს დოკუმენტი არსებითად პასუხობს იმ პირველად ინსტიტუციურ გამოწვევებს, რომელთა მოგვარების შემდეგ შესაძლებელია არსებითად თავისუფალ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარება.
ეს 100%-იანი გეგმა ნამდვილად არ არის და მისი რეალობად ქცევისთვის საჭიროა სულ ცოტა ორი პირობა:
1. ოცნების დამარცხება;
2. ხელმომწერების მიერ პირობის შესრულება.
მაგრამ პოლიტიკა ზუსტი მეცნიერება არ არის. აქ წყალი რომ არ გაუვა ასეთი გეგმის მოლოდინი არც უნდა გვქონდეს.“