დემოკრატიისთვის დაცემული სტუდენტები - 35 წელი ტიანანმენის ტრაგედიიდან
ჩინეთის უშიშროების ძალებმა 4 ივნისს გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები ტიანანმენის მოედნის გარშემო, რათა არ დაუშვას რაიმე თავყრილობა ამავე მოედანზე 30 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის აღსანიშნავად. მოედნამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია, მახლობელ მეტროს სადგურზე პოლიცია დოკუმენტებს უმოწმებს ტურისტებსა და მგზავრებს.
1989 წლის გაზაფხულზე ჩინეთში დემოკრატიული ცვლილებებისა და კორუფციის აღმოფხვრის მოთხოვნით სტუდენტებისა და მუშების დაწყებული აქცია მთელ ქვეყანას მოედო. გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩინეთში უდიდესი ცვლილებები ხდებოდა. მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ქვეყანაში გარკვეული კერძო კომპანიების და უცხოური ინვესტიციების დაშვება დაიწყო. კომუნისტური პარტიის მაშინდელი ლიდერი, დენგ სიაოპინგი იმედოვნებდა, რომ ამით ხელს შეუწყობდა ეკონომიკის განვითარებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. თუმცა, გაიზარდა კორუფცია და სიაოპინგის ნაბიჯმა მეტი პოლიტიკური ღიაობის იმედი გააჩინა.
კომუნისტური პარტია ორად გაიყო - ერთი ნაწილი სწრაფი ცვლილებების მომხრე იყო, ხოლო მეორე - მკაცრი სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების.
80-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო სტუდენტური პროტესტი. მასში ძირითადად ის ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებიც უცხოეთში იყვნენ ნამყოფი და გაეცნენ როგორც ახალ იდეებს, ისე ცხოვრების უფრო მაღალ დონეს.
1989 წლის გაზაფხულზე საპროტესტო აქციები გაძლიერდა და დემონსტრაციებზე უკვე მეტ პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვდნენ. მომიტინგეებს ხელი შეუწყო წამყვანი პოლიტიკოსის, ჰუ იაობანგის სიკვდილმა, რომელიც გარკვეულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებს ხელმძღვანელობდა. მის დაკრძალვაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა და მოითხოვა მეტი სიტყვის თავისუფლება და ნაკლები ცენზურა. მომდევნო კვირების განმავლობაში მომიტინგეები ტიანანანმენის მოედანზე იკრიბებოდნენ. მომიტინგეთა რაოდენობა მილიონზე მეტი იყო.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მოძრაობას მალე მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა - სტუდენტები, მუშები. საპროტესტო მოძრაობის ფრონტის ხაზად ტიანანმენის მოედანი იქცა. აქციის მონაწილეებმა კარვების ქალაქი გაშალეს და განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებოდნენ.
ჩინეთის ხელისუფლების ბრძანებით 4 ივნისს სამხედროებმა ტიანანმენის მოედანზე მიიტანეს იერიში. მოედანზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ჯარმა სინათლე გამორთო და უკუნეთმა სიბნელემ დაისადგურა. ტანკები სწორედ ამ დროს დაიძრა მოედნისკენ და დაიწყო მომიტინგეთა დაშლა. ჯერაც უცნობია სამხედრო ძალის გამოყენებით დაღუპულ დემონსტრანტთა ზუსტი რიცხვი. სავარაუდო მსხვერპლი 300-დან 3,000-მდე მერყეობდა.