მედვედევი - ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა რუსეთის საზღვრებს - შეხედეთ საქართველოს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, კონტროლის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს.
„უნდა ვაღიაროთ: ნეოკოლონიალიზმი დიდი ხანია ძალიან მოუახლოვდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით იყო რუსეთის მეზობლებზე კონტროლის მოპოვება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში „ფერადი რევოლუციების“ გაღვივება, როდესაც თბილისსა და კიევში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიატის, მ.სააკაშვილისა და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკის ქმრის, ვ.იუშჩენკოს მარიონეტული რეჟიმები მოიყვანეს ხელისუფლებაში. პირველმა გააჩაღა აგრესია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში, რასაც მოჰყვა მყისიერი და მკაცრი უკუპასუხი რუსეთის მხრიდან. მეორეს მუშაობა შეაჯამა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელშიც ვ. იუშჩენკომ მიიღო ხმების 5%-ზე ცოტა მეტი - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი მოქმედი სახელმწიფოს მეთაურებისთვის ისტორიაში“, - წერს მედვედევი სტატიაში.
მისი მტკიცებით, „პირველი წარუმატებლობის“ მიუხედავად, დასავლეთმა უარი არ თქვა რუსეთის მეზობლების „დამონების გეგმებზე“, კონცენტრირება მოახდინა უკრაინაში საკუთარი ნეოკოლონიალური პლაცდარმის შექმნაზე და 2014 წლის თებერვლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქვეყანამ მთლიანად დაკარგა პოლიტიკური სუბიექტურობა.
„რესპუბლიკაზე ფაქტობრივად დამყარდა გარე კონტროლი, რომლის მაგალითებიც უთვალავია მთელ მსოფლიოში. აშკარაა, რომ ახლა უკრაინის ნეოკოლონიური ბორკილებისაგან გათავისუფლება მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - წერს მედვედევი.
ის სომხეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ არავინ აპირებს სომეხი ხალხისთვის "რჩეულთა კლუბის" კარის გაღებას.
„ჰკითხონ ნეობანდერელებს, მოახერხეს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. არა, და ისინი ამას მალე ვერ მიიღებენ და მიიღებენ საერთოდ? შეხედონ საქართველოს, სადაც ახლახან დამტკიცდა კანონი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს არ მოეწონათ და რა? აი, რა - სანქციები! ევროპარლამენტის მიერ 2024 წლის მარტში მიღებული რეზოლუცია ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების შესახებ, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი ქაღალდია ვალდებულებების გარეშე“, - წერს მედვედევი.