მზის კოლექტორი - როგორ დაზოგოთ ფინანსები და ენერგია წყლის გასაცხელებლად
ენერგოეფექტურობა დღეს აღარ არის მხოლოდ "მწვანე“ ტენდენცია - ეს არის პრაქტიკული აუცილებლობა, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ხარჯების ოპტიმიზაციას გულისხმობს. როდესაც ვსაუბრობთ მზის ენერგიის გამოყენებაზე, ხშირად მხოლოდ მზის პანელები გვახსენდება, თუმცა არსებობს ტექნოლოგია, რომელიც გაცილებით მარტივი და ეფექტურია წყლის გათბობისთვის - ეს არის მზის კოლექტორი. მოდით, გავარკვიოთ, როგორ შეგვიძლია მივიღოთ ცხელი წყალი უფასოდ, ბუნებრივი რესურსის დახმარებით.
როგორ მუშაობს მზის კოლექტორი?
მზის კოლექტორი წარმოადგენს კარგად იზოლირებულ, მინით დაფარულ შავ კონსტრუქციას, რომელშიც წყლის მილებია მოთავსებული. კოლექტორი მზის რადიაციას შთანთქავს და მას თბურ ენერგიად გარდაქმნის, რომელიც თბოიზოლირებულ ავზში დაგროვილ წყალს სითბოს გადამცემის მეშვეობით გადასცემს. აღსანიშნავია, რომ ავზი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ცხელი წყლის მუდმივი მიწოდების უზრუნველსაყოფად. ის კარგად იზოლირებულია, რათა მინიმუმამდე შეამციროს სითბოს დანაკარგი და წყალმა სასურველი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს. ზოგიერთ ავზში ინტეგრირებულია ელექტრო და გაზის გამათბობლები, რათა მზის არასაკმარისი ენერგიის დროს დამატებითი გათბობის საშუალებები ფუნქციონირებდეს. ასევე, სისტემაში დამონტაჟებულია სპეციალური კონტროლერი მისი ეფექტური მუშაობის, სითბოს ნაკადის რეგულირებისა და ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ხაზგასასმელია ისიც, რომ მზის სხივები დანადგარში ღრუბლიანი ამინდისა და დაბალი ტემპერატურის პირობებშიც აღწევს, რადგან კოლექტორი სახლის ან კორპუსის სახურავზეა დამონტაჟებული და მისი საფარი მზის ენერგიას მაქსიმალურად შთანთქავს, სითბოს კი სითხით გავსებული მილების მეშვეობით სისტემას გადასცემს.
მზის კოლექტორის ტიპები
მზის კოლექტორები ერთმანეთისგან კონსტრუქციული ტიპითა და ტემპერატურის მიღწევის უნარით განსხვავდება. ძირითადად განარჩევენ ბრტყელ და ვაკუუმურ კოლექტორებს.
ბრტყელი პანელიანი კოლექტორი - ფართოდ გავრცელებული მოდელია, რომელიც მარტივი დიზაინითა და ეფექტური მუშაობით ხასიათდება. აღნიშნულ მოწყობილობას აქვს ბრტყელი შთამნთქმელი ფირფიტა, რომელიც მინის ან პოლიმერული საფარით არის დაფარული, რათა ერთი მხრივ, პანელი მტვრისა და დაზიანებისგან დაიცვას, მეორე მხრივ კი, მისი გამჭვირვალე ფაქტურის გამო, მზის შუქის პანელში შეღწევა უზრუნველყოს. შთამნთქმელ ფირფიტაზე მიმაგრებულია მილები, რომლებშიც სითხე მიედინება. სითხე სითბოს სწორედ შთამნთქმელი ფირფიტიდან იღებს და მას ავზში ატარებს. ბრტყელი კოლექტორები უმჯობესია ისეთ ადგილებსა და კლიმატურ ზონებში განთავსდეს, სადაც მზის ინტენსივობა მაღალია, რადგან ისინი უკეთესად მუშაობს საშუალო და თბილ ტემპერატურაზე.
ვაკუუმური კოლექტორი - ამ ტიპის მზის წყლის გამაცხელებელი შუშის მილისებრი ელემენტებისგან შედგება, რომელიც შთამნთქმელ ფირფიტას შეიცავს. ვაკუუმურ მზის კოლექტორს აქვს შიდა და გარე მილი. შიდა მილი მზის ენერგიას შთანთქავს და სითბოს წყალს გადასცემს, გარე მილი კი ქმნის ვაკუუმს, რომელიც მოწყობილობას სითბოს დანაკარგისგან იცავს. ვაკუუმური მილის კოლექტორი საშუალებას იძლევა მიაღწიოს მაღალ ტემპერატურას დაბალი განათების პირობებშიც და მზის დაბალ სიხშირეზეც ეფექტურად იმუშაოს. ამიტომ ასეთი ტიპის მოდელი უმჯობესია ისეთი რეგიონებისთვის, სადაც ტემპერატურა დაბალია, რადგან ვაკუუმის დახმარებით თბოდანაკარგი მინიმუმამდეა დაყვანილი და ის ცივი კლიმატის პირობებში ეფექტურად მუშაობს.
რა უპირატესობა აქვს მზის კოლექტორს?
მზის კოლექტორის გამოყენება, პირველ რიგში, ეკოლოგიურ სარგებელს იძლევა, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია ტრადიციული გზით მოწოდებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირება და გარემოზე ზიანის მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, მზის წყლის გამაცხელებელი ენერგიით სრულად ან ნაწილობრივ დამოუკიდებელს გვხდის და ცენტრალური სისტემებისგან მოწოდებული დენისა თუ გაზის ჩანაცვლებას განაპირობებს, რაც ამცირებს კომუნალურ გადასახადებს და მცხოვრებლებს დანახარჯს საგრძნობლად ზოგავს. CENN-ის კვლევის თანახმად, საქართველოში 3-5 სულიანი ოჯახის ცხელი წყლით მომარაგების სიმძლავრე საშუალოდ 1,5 კილოვატია, მზის კოლექტორის სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი კი 35-60%-ს შეადგენს. ასევე, მზის წყლის გამაცხელებელი სისტემა 75-85%-ით ფარავს მომხმარებლის წლიურ მოთხოვნას ცხელ წყალზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის ენერგიის პოტენციალი საქართველოში ცხელი წყალმომარაგებისთვის შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებოდეს და აღნიშნული თანაფარდობით კომუნალური ხარჯების შემცირება უზრუნველყოს.