ტერასა, როგორც მოსასვენებელი სივრცე ურბანულ გარემოში
უძრავი ქონების ბაზარზე ტერასების საჭიროება ხშირად დებატების საგანია - ღირს კი დამატებითი კვადრატების ინვესტირება სივრცეში, რომელსაც მხოლოდ სეზონურად ვიყენებთ? პასუხი მარტივია: ტერასა არ არის მხოლოდ დიზაინის ელემენტი, ეს არის ინვესტიცია ცხოვრების ხარისხში, რომელიც პირდაპირ აისახება ქონების როგორც საბაზრო, ისე - ესთეტიკურ ღირებულებაზე. მოდით, დავანგრიოთ მითი, რომ აივანი ფულის გაფლანგვაა და ვნახოთ, როგორ გარდაქმნის ის ურბანულ სტანდარტებს.
ურბანული ოაზისი
ქალაქის ხმაურისგან გაქცევას, მეტ-ნაკლებად, ყველა ვსაჭიროებთ. თუმცა, სულ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რუტინას გავცდეთ და 1 დღე მაინც სიმწვანესა და სიმშვიდეში გავატაროთ. ტერასაზე გასასვლელად კი არც დრო გვეხარჯება, არც ფული და არც რაიმე სხვა რესურსი. შესაძლოა, მანქანების ხმაური სრულად ვერ დავახშოთ, თუმცა, გარკვეულწილად, განტვირთვას მაინც მოვახერხებთ. მითუმეტეს, თუ წინასწარ ვიზრუნეთ და ჩვენი ტერასა, ან, თუნდაც, პატარა აივანი მცენარეებით გავაფორმეთ.
სივრცე სტუმრების მისაღებად
გრილი საღამოების ტერასაზე გატარება სტუმრებთან ერთად გართობის საუკეთესო საშუალებაა. ტერასაზე განთავსებული მცენარეები, თითქოს, ურბანული რეალობიდან დისტანცირებაში გვეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ტერასისთვის ავეჯიც სწორად შევარჩიოთ. რბილი დივანი, პუფები, ჰამაკები - ტერასაზე თითქოს მისაღებ ოთახს გააფართოებთ და მეტიც, უფრო მყუდრო და სასიამოვნო გარემოსაც შექმნით.
ხედი
რაც არ უნდა ურბანული იყოს ხედი ტერასიდან, სივრცისა და თავისუფლების შეგრძნება, დღე-ღამის რომელიმე მონაკვეთში მაინც გვეუფლება. ფაქტია, რომ ტერასა უძრავ ქონებას მატებს როგორც ესთეტიკურ, ისე - ფინანსურ ღირებულებას. არ აქვს მნიშვნელობა, რას გადაჰყურებს - სკვერს, დატვირთულ ქუჩას თუ ურბანულ ჰორიზონტს. მთავარია, რომ სივრცეში სწორად იყოს შერჩეული ავეჯი და დატვირთული იყოს მცენარეებით.
