"4 საათია აქ ვდგავარ, ხვალ მაქვს პირველი ეროვნული გამოცდა დილის 8 საათზე, მაგრამ ეს ბიჭები რომ არ მენახა ასეთი ისტორიული მატჩების მერე, არ შემეძლო" - გულშემატკივარი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - გულშემატკივრებმა ნაკრების ბიჭებს თბილისის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ასობით ადამიანი ნაკრების ბიჭებს ელოდება.
"დილის 5 საათზე გავიღვიძეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და წამოვედით. 4 საათია აქ ვდგავარ, ხვალ მაქვს პირველი ეროვნული გამოცდა დილის 8 საათზე, მაგრამ ეს ბიჭები რომ არ მენახა ასეთი ისტორიული მატჩების მერე არ შემეძლო. ერთი სული მაქვს როდის ჩამოვლენ და უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს," - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებითმ საზეიმო ღონისძიებები დაიგეგმა საღამოს 21:30 საათიდან. ფეხბურთის ნაკრები ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივა. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის გავლით.