თეგებით ძიება

მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები განახორციელებენ - კოდექსში ცვლილება იგეგმება

საქართველოში მშენებლობების ტექნიკურ ზედამხედველობაზე რეგულაციები მკაცრდება. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

კერძოდ, მთავრობა გეგმავს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მომზადებას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო ობიექტებზე ტექნიკურ ზედამხედველობას მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები განახორციელებენ.

ამავე ცვლილებებით, ცალკეულ სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირებს აღნიშნული უფლებამოსილება ჩამოერთმევათ.

როგორც დოკუმენტშია განმარტებული, აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს ევალებათ, პროცესში არა ერთი ინსპექტორი, არამედ კვალიფიციური პერსონალის მთელი გუნდი ჩართონ.

„ზემდგომი თანამშრომლები - ხარისხის მენეჯერი, ტექნიკური მენეჯერები და ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი, რომლებიც აკონტროლებენ ინსპექტორის მიერ ზედამხედველობის განხორციელების პროცესს, აგრეთვე ტექნიკური და ადმინისტრაციული წესით ამოწმებენ ინსპექტირების შედეგად გამოცემულ ინსპექტირების ანგარიშებს, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ინსპექტორის შეცდომის ან არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკი“, - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც მთავრობის მიერ მომზადებულ კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაშია აღნიშნული, ცვლილების მიზეზი პროცესის კომპლექსურ სამუშაოებთან კავშირია, რასაც ერთი, თუნდაც სერტიფიცირებული ექსპერტი ვერ განახორციელებს.

„ზედამხედველობა კომპლექსური პროცესია და მოცულობითი სამუშაოს განხორციელებასთან, სხვადასხვა კვალიფიკაციის ექსპერტთა ჩართულობასა და მთელ რიგ ლაბორატორიულ გამოცდებთან/კვლევებთან არის დაკავშირებული, რასაც ერთი, თუნდაც სერტიფიცირებული ზედამხედველი ექსპერტი ვერ უზრუნველყოფს.

მშენებლობის ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების გუნდი, კერძოდ, სამშენებლო კონსტრუქციების მშენებელ-ინჟინერი, წყალმომარაგების, წყალარინების, კანალიზაციის ქსელების ინჟინერი, გათბობაგაგრილება-ვენტილაციის ქსელების ინჟინერი, ელ. მომარაგების ქსელების ინჟინერი, სუსტი დენების ქსელების ინჟინერი და სხვა, რომელთა ეფექტურ კოორდინაციას, ურთიერთშეთანხმებული მუშაობის ორგანიზებას და კონტროლის უზრუნველყოფას დამატებით ცალკე კვალიფიკაცია ესაჭიროება, რასაც შეძლებს მხოლოდ გამართული მენეჯმენტის მქონე ორგანიზაცია.

სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ შეუძლებელი იქნება მითითებულის განხორციელება და მათი ბაზარზე დაშვებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი მომსახურების თანაზომადი ხარისხი, რაც გამოიწვევს ზედამხედველობის ხარისხის დაწევას ბაზარზე და პირდაპირ უარყოფითად აისახება მშენებლობის ხარისხზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა